გაფიცული მძღოლები სოსო ჯაჭვლიანთან შეხვედრას ითხოვენ

გაფიცული მძღოლები სოსო ჯაჭვლიანთან შეხვედრას ითხოვენ

გლდანის ავტოპარკში ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლები გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებენ ადგილზე მივიდეს და მათ პრობლემებს გაეცნოს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჯაჭვლიანმა მათი პრობლემების მოგვარების მიზნით, ყველაფერი უნდა გააკეთოს.

გაფიცული მძღოლები რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. კერძოდ, მძღოლები მოითხოვენ - დღიური გეგმის, სამუშაო საათების შემცირებას და ანაზღაურების მომატებას.

ასევე, მძღოლები ბუღალტრის გადასახადის გაუქმებას, ინდმეწარმის სტატუსისა და  ინდმეწარმის გადასახადის გაუქმებას ითხოვენ, რაც თვეში 43 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გლდანიდან და თემქადან მომავალი ყვითელი მიკროავტობუსების დაახლოებით 600 მძღოლი გაიფიცა.