ივანიშვილი - ვაშაკიძემ სომხეთში ვიზიტის დაგეგმვისას სერიოზულ კითხვაზე  არასერიოზული პასუხი გამცა

ივანიშვილი - ვაშაკიძემ სომხეთში ვიზიტის დაგეგმვისას სერიოზულ კითხვაზე არასერიოზული პასუხი გამცა

ნიკოლოზ ვაშაკიძე არავის გაუთავისუფლებია და თვითონ წავიდა, თავისი ნებით, მაგრამ მან მე მგონი იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მისდამი, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დავოსში განუცხადა. 
მისი განმარტებით, სომხეთში გამგზავრებამდე ის ორჯერ შეხვდა ვაშაკიძეს, ვიზიტისთვის მომზადების ფარგლებში და მან განსახილველ საკითხებს შორის არ შეიტანა საკითხი, რომელიც აუცილებლად აქტუალური იქნებოდა. 
"როდესაც ყველა საკითხი ჩამოთვალა, მე ჩავეკითხე ვაშაკიძეს, კი, მაგრამ, აფხაზეთის რკინიგზის საკითხს ხომ იცი, რომ შემეკითხებიან. ამაზე მითხრა, მე მზად არ ვარო. ორ დღეში მივდიოდი სომხეთში და როდესაც ვკითხე, როდის გექნება მზაობა, მითხრა, ერთი კვირის შემდგომო. მე მეგონა, რომ ხუმრობდა. იქ ნახა ჩემი რეაქცია, რომ ეს არასერიოზული პასუხი იყო. ძალიან არასერიოზული პასუხი გამცა ძალიან სერიოზულ კითხვაზე",-განაცახად ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ნიკოლოზ ვაშაკიძის წასვლას და ვიცე-პრემიერობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებას საერთო არაფერი აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება ნიკოლოზ ვაშაკიძის თანამდებობიდან წასვლის გაგრძელებად აღიქვა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი დაკავშირება ბავშვებს თუ შეუძლიათ და ეს სასაცილოა. 
"რა შუაშია ვაშაკიძის წასვლა იმ გაუგებრობასთან, რაც ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით მოხდა. ნიკოლოზ ვაშაკიძე რა შუაშია ალასანიასთან?! ვაშაკიძის წასვლასთან ამის კავშირი ალბათ "ნაციონალებმა" ააგეს", - განაცხადა ივანიშვილმა.