ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით, 21 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით, 21 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 21 პუნქტიანი რეზოლუცია - „საქართველო და რუსეთი - ჰუმანიტარული სიტუაცია კონფლიქტითა და ომით დაზარალებულ რეგიონებში“ მიიღო, რომელსაც მხარი დეპუტატთა 2/3-ზე მეტმა დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა,  ევროსაბჭომ ძალიან კარგი რეზოლუცია მიიღო, რადგან მასში ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ასახულია ის, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს უფლება  საკუთარ სახლებში დაბრუნდეს.

„ასევე ჩაიწერა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას უნდა მიეცეს უფლება,  განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს კონფლიქტის ზონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხაზს ვუსვამ,  რეზოლუციაში ეს ტერმინი პირდაპირაა გამოყენებული. ასევე, დოკუმენტში დაფიქსირდა, რომ ევროკავშირის შუამავლობით შექმნილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი ხელშეკრულება უპირობოდ უნდა შესრულდეს. მსგავსი ჩანაწერი არცერთ ჰუმანიტარული სახის რეზოლუციაში აქამდე არ ყოფილა“, - აცხადებს ჩიქოვანი.      

ამას გარდა,  ჩიქოვანის ინფორმაციით, კენჭისყრამდე საქართველო-რუსეთის ომის თემაზე დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატების უმეტესობამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.