დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან.

23 იანვარს დავით ნარმანია გახსნის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასთან გერმანული კომპანიების ეკონომიკური ურთერთობების განვითარებას ეხება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, შეხვედრებს გამართავს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

როგორც დავით ნარმანიამ გერმანიაში გამგზავრების წინ განაცხადა, საუბარი იქნება საქართველო-გერმანიას შორის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობაზე.

„გავხსნი აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესმენთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. მექნება საუბარი ამ ორგანიზაციის წევრ ბიზნესმენებთან საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებზე, როგორც ახალი საწარმოების და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის, ასევე, სხვა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გერმანიაში ვიზიტს დავით ნარმანია 25 იანვარს დაასრულებს.