"ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან, გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა, საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო მდგომარეობაა.

მისივე განმარტებით, მსგავსი მონაცემები ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის დროს რომ დაფიქსირებულიყო, მთელი სახელმწიფო აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადაერთვებოდა.
"იანვარში ისეთივე არასახარბიელო მდგომარეობაა ეკონომიკაში, როგორც იყო ბოლო სამი თვის განმავლობაში. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა ყველა მაჩვენებელი _ ეკონომიკურ ზრდასთან, ეკონომიკურ აქტივობასთან, ექსპორტ-იმპორტთან, დეპოზიტებსა და კრედიტებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ბოლო სამი თვე გვაძლევს განგაშის საფუძველს და ვთვლი, რომ მთავრობის ვალია საგანგებო ზომები მიიღოს. მსგავსი მონაცემები რომ ყოფილიყო ჩვენი მთავრობის დროს, ჩვენ საგანგებო რეჟიმზე გადავიდოდით. მთავრობის ყველა წევრი, რეგიონული ხელმძღვანელები, მთელი სახელმწიფო აპარატი დაიწყებდა ბიზნესთან მოლაპარაკებას და შესთავაზებდა კონკრეტულ გეგმებს კრიზისიდან გამოსასვლელად", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ამასთან, ყოფილი პრემიერის თქმით, შექმინილი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით "ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან საქართველოში აქტიურ კამპანიას და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რათა პარლამენტმა საგადასახადო ამნისტიასა და ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები მიიღოს.