კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა დღეიდან იწყება

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა დღეიდან იწყება

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ბანკ "ქართუს" გადაუგზავნა ბენეფიცირების სია, რომლის საფუძველზე თითოეული ბენეფიციარის საბანკო ანგარიში გაიხსნება.

დღეიდან კი როგორც ბანკ "ქართუს", ისე მუნიციპალიტეტის გამგეობას იმ 3000 ბენეფიციარის სია გადაეგზავნება, რომელთაც თანხები პირველ ეტაპზე უნდა ჩაერიცხოთ. სიები გადაეზავნება როგორც ბანკს, ისე ადგილობრივ გამგეობებს, მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე სოფლის რწმუნებულებთან შეეძლება.

კვირის ბოლოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ბანკს დამატებით 3000 ბენეფიციარის სიას გადაუგზავნის.  მთლიანად, კომპენსაციების გაცემა სავარაუდოდ, 5-6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, კომპენსაციების თანხის ოდენობა ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, ნარგავის ფართობისა და დაზიანების პროცენტის საფუძველზე მოხდა.

მისივე თქმით, კომპენსაციას დაახლოებით, 28 500 ადამიანი მიიღებს. 

ამასთან, საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ცნობილია, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" კახეთის რეგიონის მოსახლეობისადმი 2012 წელს მომხდარი სტიქიური უბედურებით მიყენებული სასოფლო-სამეურნეო ზარალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს, რისთვისაც ფულად კომპენსაციას გასცემს. სახელმწიფო უწყებების მიერ დადგენილ დაზარალებულთა რაოდენობა დაახლოებით 29 000 ოჯახს შეადგენს. დაზარალებულთა ესოდენ დიდი რაოდენობის გამო, ბანკის ფილიალებთან რიგების თავიდან აცილების მიზნით, დახმარების გაცემა წარმოებს შემდეგი წესით: ყოველ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში (ქალაქი/სოფელი/დაბა) მოქალაქეს წინასწარ ეცნობება იმის შესახებ, თუ რომელ დღეს ჩაერიცხება კომპენსაცია. კონკრეტულ სიებს წინასწარ გაავრცელებენ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები (სოფლის რწმუნებულები). შეტყობინების მიღებამდე ბანკში წინასწარ მისვლა საჭირო არ არის. დახმარების მიღება შესაძლებელია ბანკი "ქართუს" შემდეგ ფილიალებში: თელავის სერვისცენტრი ჭავჭავაძის მოედანი, 2200, თელავი; თბილისის სათავო ოფისი, ჭავჭავაძის გამზ. №39ა, 0162, თბილისი; ისნის სერვის-ცენტრი, ქეთევან დედოფლის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 0144, თბილისი; საბურთალოს სერვის-ცენტრი, პეკინის ქ. №14ბ, 0171, თბილისი; ვაკის სერვის-ცენტრი, ი. აბაშიძის ქ. №24, 0179, თბილისი; მთაწმინდის ფილიალი, ვ. ვეკუას ქ. №1,  0105, თბილისი. ბანკის ფილიალები 10:00-დან 17:00 საათამდე მუშაობენ, თელავის ფილიალი კი 19:00 საათამდე. მოქალაქე, რომელიც აღნიშნული იქნება კომპენსაციის მიმღებთა სიაში, პირადად უნდა მივიდეს ბანკში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა). იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ შეუძლია პირადად ბანკში მისვლა, მაშინ მისი სახელით მისულ პირს ხელზე უნდა ჰქონდეს სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობა. მინდობილობის ტექსტთან დაკავშირებული დეტალები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაარკვიონ ბანკის ფილიალებში", - ნათქვამია განცხადებაში.