გურამ ჩალაგაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი დღეს გაიმართება

გურამ ჩალაგაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი დღეს გაიმართება

სემეკ-ის ხელმძღვანელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო 
მთავარ სამმართველოში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი ბრალდებულის სახით გუშინ დაიკითხა. 
 გურამ ჩალაგაშვილს პოლიციამ ბრალი წაუყენა, თუმცა არ დაუკავებია. 
დაკითხვიდან გამოსულმა ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამსახური არ გამოუყენებია ბოროტად; პირიქით, მან მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 12 იანვარს, როცა რესტორანში წვეულებაზე იმყოფებოდა, იგრძნო დამწვრის სუნი, რაც სავარაუდოდ ელექტროსადენებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. 
მისივე განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით დაუკავშირდა შესაბამის უწყებებს და შუქი გაათიშინა. 
გამოძიების ინფორმაციით, გურამ ჩალაგაშვილის ბრალდებულის სახით დაკითხვაზე გამოძახება მის მიერ წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარე რესტორანში ელექტროენერგიის უმიზეზოდ გათიშვის დავალების გაცემას უკავშირდება. 
"გამოძიება გურამ ჩალაგაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისიწნებულ დანაშაულს ედავება. კერძოდ, 2013 წლის 12 იანვარს, რესტორან "ამირანში" მისი დავალებით გამორთეს ელექტროენერგია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც შუქი გაითიშა ქუთაისშიც.  გამოძიებით დადგენილია, რომ დენის გამორთვის მიზეზი არ არსებობდა", - აღნიშნა გამომძიებელმა სერგი ადეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. 
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რომ არსებული ინფორმაციით, რესტორანში ელექტროენერგიის გამორთვის დროს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ადეიშვილის თქმით, გამოძიებით ამ ეტაპზე აღნიშნული არ დასტურდება.
დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.