მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. წყალს უწმინდესი აკურთხებს და ახლადნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.

წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

ნათლისღების წინა დღე მარხვით აღინიშნება. მორწმუნეები შეძლებისამებრ მკაცრად მარხულობენ და ნათლისღების დღესასწაულს ასე ხვდებიან.