ბაჩო დოლიძე: ენერგეტიკის სამინისტროს მოვუწოდებთ, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილებისამებრ

ბაჩო დოლიძე: ენერგეტიკის სამინისტროს მოვუწოდებთ, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილებისამებრ

თბილისის მერია ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდებს, საკუთარი უფლებამოსილებისამებრ იმოქმედოს. როგორც დედაქალაქის მერიის პრეს-სპიკერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, დაწყებულია პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თითოეული თბილისელი აბონენტი 100 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს იღებს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაუჩერზე შესაბამისი წარწერა და თბილისის მერია ნახსენები არ იქნება. 
"ჩვენ გვსურდა, გადახდის ქვითარზე ყოფილიყო წარწერა, - თბილისის მერიის ვაუჩერი, თუმცა სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტრომ ჩათვალა, რომ თბილისის მერია ნახსენები არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია საერთოდ არ იქნება ნახსენები, თუმცა თითოეულმა მოსახლემ იცის, რომ აღნიშნული ვაუჩერი და ინიციატივა სწორედ თბილისის მერიას ეკუთვნის", - აღნიშნა დოლიძემ. 
მისივე თქმით, მერიისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ერევა ენერგეტიკის სამინისტრო თვითმმართველი ერთეულისა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში. 
"ჩვენთვის ეს მიუღებელია და ენერგეტიკის სამინისტროს მოვუწოდებთ, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილებისამებრ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას", - განაცხადა მერის პრეს-სპიკერმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.