„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ არჩევნების შემდეგ, სამსახურებიდან გათავისუფლებულთა  სტატისტიკა გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ არჩევნების შემდეგ, სამსახურებიდან გათავისუფლებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

კვლევის პრეზენტაცია დღეს,  ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა წარმოადგინეს.

ეკა გიგაურის განცხადებით,  პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში სერიოზული ცვლილებები მოხდა ან ხდება. იმის მიუხედავად, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად რეფორმების გატარება ბუნებრივია, ბევრგან ეს პროცესები გაუმართლებელ სახეს იღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, არაერთ საჯარო უწყებაში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა სამსახური უკვე დაკარგა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

ორგანიზაციამ ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა. საუბარია 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 1-ელ დეკემბრამდე განხორციელებულ რეორგანიზაციაზე.

„ამ პროცესის დროს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, საჯარო მოსამსახურეების დიდი ნაწილი სამსახურიდან წასვლაზე განცხადებას თვითონ წერს, რასაც ჩვენს მიერ საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია ადასტურებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა, აღნიშნული გარემოება გარკვეულ ეჭვს ბადებს. ამას ემატება გავრცელებული ინფორმაცია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ამ ადამიანებს განცხადების დაწერას ზემდგომი თანამდებობის პირები აიძულებენ. შესაბამის ფაქტებს ზოგ შემთხვევაში თანამდებობის პირები საჯაროდაც ადასტურებენ“, - განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, ასევე გამოიკვეთა, რომ რამდენიმე ახლად დანიშნული თანამდებობის პირი, მაგალითად კასპის გამგებელი ოლეგ იაძე საქართველოს კანონმდებლობას კარგად არ იცნობს, რომლის მიხედვითაც, ხელქვეითზე ზეწოლა და სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს და სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს-სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდეს.

ეკა გიგაური ამ მხრივ პოზიტიურად აფასებს იმ გარემოებას, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო ერთ-ერთი სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში კადრების განკარგულებაში 1115 ადამიანია გადაყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ მათ ალტერნატიულ ადგილებს გარკვეულ პერიოდში არ შესთავაზებენ, ისინიც დათხოვნილთა სიაში მოხვდებიან.

კვლევის თანახმად, 25 ოქტომბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, თავდაცვის სამინისტროდან 52 ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის 16 საკუთარი განცხადებით. სამსახურში 95 პირი მიიღეს, 1115 კი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს;

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან 11 ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის 10, პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან. აღნიშნულ უწყებებში 105 ადამიანი მიიღეს სამუშაოდ.;

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 11 ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის 10 საკუთარი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ უწყებაში 12 ადამიანი მიიღეს;

ჯანდაცვის სამინისტროდან 87 ადამიანი გათავისუფლდა, 25 საკუთარი განცხადების საფუძველზე. 12 ადამიანი კი სამუშაოზე იქნა მიღებული;

ახმეტის მუნიციპალიტეტიდან 8 თანამშრომელი გათავისუფლდა და ყველა მათგანი პირადი განცხადების საფუძველზე. მუნიციპალიტეტში სამუშაოდ 2 მოქალაქე იყო მიღებული;

თელავის მუნიციპალიტეტში სამსახური ხუთმა თანამშრომელმა დატოვა და ხუთივე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. მუნიციპალიტეტში მუშაობა ექვსმა ადამიანმა დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროში სამსახური 154 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის 130-მა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ფინანსთა სამინისტროში 235-მა ადამიანმა დაიწყო მუშაობა;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამნისტროდან 49 ადამიანი გათავისუფლდა. 32 პირადი განცხადების საფუძველზე. ხოლო აღნიშნულ უწყებაში 47 ადამიანი დასაქმდა;

მესტიის მუნიციპალიტეტიდან 5 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის 2 პირადი განცხადების საფუძველზე. მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ახალი თანამშრომელი მივიდა;

მთავრობის კანცელარიიდან 98 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის 13-მა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მთავრობის კანცელარიაში 42 ახალი თანამშრომელი მივიდა;

შსს-ში სამსახურიდან 493 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის არც ერთი არ წასულა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე. შსს-ში 186 ახალი თანამშრომელი მივიდა, ხოლო 157 კადრების განყოფილებაში იქნა გადაყვანილი;

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან 1 ადამიანი გათავისუფლდა და ისიც პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო 4 ადამიანი დასაქმდა;

გარემოს დაცვის სამინისტროდან 13 ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის 6 პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ უწყებაში 23 ადამიანი დასაქმდა.

იუსტიციის სამინისტროდან 59 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის 45 პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან. იუსტიციის სამინისტროში 67 ადმიანი დასაქმდა;

პროკურატურიდან 69 ადამიანი გათავისუფლდა. 44-მა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. პროკურატურაში 67 თანამშრომელი იქნა მიღებული;

აჭარის მთავრობიდან 11 ადამიანი გათავისუფლდა. 9 თანამშრომელმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 14 ადამიანი კი სამსახურში მიიღეს.