გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელების ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელების ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს დასრულდა. პოლკოვნიკი ძნელაძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებული შტაბის უფროსების 168-ე შეხვედრას დაესწრო და  შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ნატოს შტაბ-ბინაში გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალთან ევროპაში, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ მარტინ დემპსისთან, ISAF-ის მისიის მეთაურთან,  გენერალ ჯონ ალენთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუდ ბარტელსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ISAF-ის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობა, ავღანეთში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების პროცესი განიხილეს. საუბარი შეეხო პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების საკითხებსაც.

დღესვე, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში მდებარე ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.