შოთა ხიზანიშვილი მზად არის, პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვოს

შოთა ხიზანიშვილი მზად არის, პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვოს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი მზადყოფნას აცხადებს,  პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვოს.

აღნიშნულის შესახებ, შოთა ხიზანიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა  სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი ან საპარლამენტო უმცირესობის 21 დეპუტატის თავდებობით შეცვლის საკითხი განიხილება.

ხიზანიშვილმა აღნიშნული განცხადება პროკურორის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მისი პატიმრობიდან გათავისუფლების წინააღმდეგია.

პროკურორის განცხადებით, ხიზანიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თანამდებობიდან გამომდინარე ქმნის მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს.

პროკურორის თქმით,  საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც ხიზანიშვილი გათავისუფლდებოდა მერის მოადგილის თანამდებობიდან და სწორედ აქედან გამომდინარე არსებობს საფრთხე, რომ თანამდებობის პირობებში იგი გამოიყენებს თავის უპირატესობას და მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს.

დღევანდელ პროცესს უმცირესობის დეპუტატები აკაკი მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი ესწრებიან, რომლებმაც სასამართლოს გადასცეს 21 დეპუტატის თავდებობის შესახებ განცხადება. შესაბამისად, ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს 21 დეპუტატის თავდებობით ან გირაოს სახით 10 ათასი ლარის ოდენობით.

აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა საქმეში არსებული ახალი გარემოებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხიზანიშვილს 158-ე მუხლზე ამნისტია შეეხო. პროკურორი შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგია.

ხიზანიშვილს გუშინ ბრალი დაუმძიმდა და ორი მუხლი დაემატა. თუმცა როგორც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა პროცესზე განაცხადა, ორი ბრალდება, რომლითაც ხიზანიშვილს ბრალი დაუმძიმეს, გათვლილი იყო სწორედ იმ შუამდგომლობის წინააღმდეგ, რომელიც მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხება.

„ბრალის დამძიმება იმით იყო განპირობებული, რომ სასამართლომ მხარი არ დაუჭიროს ჩვენს შუამდგომლობას ხიზანიშვილის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პროცესზე მამუკა ჭაბაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.