ინცინდენტი ჟურნალისტსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელს შორის

ინცინდენტი ჟურნალისტსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელს შორის

დღეს დილით გურჯაანში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ გელა მთივლიშვილსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხმალაძეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ჟურნალისტის ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვითარების გარკვევისა და რეაგირების მიზნით, საქმეში ჩაერთო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ინციდენტს და დადებს შესაბამის დასკვნას. სამწუხაროდ, გელა მთივლიშვილმა უარი განაცხადა შიდა აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ითანამშრომლოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს საქმის შესწავლა.

აქვე, ვაცხადებთ, რომ სამინისტრო ღია და გახსნილია ყველა მედია საშუალებისა და ჟურნალისტისთვის და ნებისმიერ საკითხზე მზად არის მათთან სათანამშრომლოდ.