სააკაშვილი: ნუ მივცემთ  თავისუფლებას იმ ხალხს, რომლებიც თავისი არსით, არიან ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები

სააკაშვილი: ნუ მივცემთ თავისუფლებას იმ ხალხს, რომლებიც თავისი არსით, არიან ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები

საქართველოს პრეზიდენტი მედიას მოუწოდებს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს "ასე უაპელაციოდ ნუ აფეტიშებენ". ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც პოლიციიდან წამოსული კარინა გრიგორიანი ღირსების ორდენით დააჯილოვა. 
"ამ ხალხს აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული; გაუბედურებული ჰყავთ ოჯახები და მოკლული ჰყავთ ხალხი, მათ შორის კოორდინატების მიცემით ოკუპანტების თვითმფრინავებისთვის, რომ დაებომბათ ჩვენი პორტები. აჩვენეთ ის, რისთვისაც არიან ისინი გასამართლებულები, თორემ გამოდიან და ყვებიან ათასგვარ სისულელეს და ტყუილებს, მათ შორის მათი მეპატრონე სპეცსამსახურების დავალებით. ნუ გავაბაიბურებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას; ნუ მივცემთ ასეთ თავისუფლებას იმ ხალხს, რომლებიც თავისი არსით, არიან ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს და ყველას მიუჩენს თავის ადგილს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყანამ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაიაროს.