ბექა გოჩიაშვილი შსს-გან  დაკითხვის ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს

ბექა გოჩიაშვილი შსს-გან დაკითხვის ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს

ბექა გოჩიაშვილი შსს-გან თავის და მისი ძმის დაკითხვის ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს. ბექა გოჩიაშვილის მიმართვა შსს-დმი სოციალური ქსელებით გავრცელდა.

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, ჩემი და ჩემი ძმის, ლაშას სახელები დაკავშირებულ იქნა კრიმინალურ ინციდენტთან. კიდევ უფრო ვწუხვარ იმ მორალური და მატერიალური ზიანის გამო, რომელიც ჩემს უფორს მეგობარს, ქალბატონ ბაია დავითაიას მიაყენეს.

საკითხის პოლიტიზირება ჩემი არჩევანი არ ყოფილა. როდესაც ინფორმაციამ ჩვენი დაკითხვის შესახებ გაჟონა და მედიის ყურამდეც მიაღწია, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ სკაიპის საშუალებით და მე მათ მოვუყევი დაკითხვის დროს ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის, შეუარწხყოფისა და მუქარების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საბურთალოს პოლიციაში ამა წლის 8 იანვარს. პრეზიდენტის და ყოფილი კულტურის მინისტრის სახელები სწორედ გამომძიებლების და არა ჩემს მიერ იყო ნახსენები დაკითხვის დროს და ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება რა შუაში იყო ერთის შეხედვით ბანალურ კრიმინალურ ინციდენტთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მათი სახელების წამოტივტივება.

მე ძალიან გული მტკივა, რომ ამ ინციდენტის უნებლიე მონაწილე გავხდი და განსაკუთრებით მიუღებელია ჩემთვის ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ვიღაცამ, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია სეიფის და შიგ არსებული ძვირფასეულობის შესახებ, შესანიშნავად გამოიყენა ახალგაზრდა, ხმაურიანი მოზარდების იქ ყოფნის ფაქტი, ჩაიდინა დანაშაული და ხელს ჩვენსკენ იშვერს საკუთარი დანაშაულის კვალის დასაფარად. რატომღაც ყველა პოლიტიკური დისკუსიების ფერხულში ჩაერთო და არავის ახსოვს, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი მსხვერპლი დაზარალებული, ქალბატონი ბაიაა, რომლის მთავარი 
პრიორიტეტია დაკარგულის პოვნა და არა პოლიტიკური თამაშებისთვის თვალყურის დევნება.

მოვითხოვ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ჩემი და ჩემი ძმის დაკითხვის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ"- აცხადებს ბექა გოჩიაშვილი.