სააკაშვილმა პოლიციიდან წამოსული კარინა გრიგორიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

სააკაშვილმა პოლიციიდან წამოსული კარინა გრიგორიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შს სამინისტროდან წამოსული კარინა გრიგორიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა . 
როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, კარინა გრიგორიანი შსს-ში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა უცხოური სპეცსამსახურების, შემდეგ ტრეფიკინგის მიმართულებით, ასევე მუშაობდა საქართველოს ინტერესების დასაცავად და პოლიცია მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჯაშუშობაში ბრალდებულები ციხიდან გაათავისუფლა.
"მის მიერ პოლიციის დატოვება, არის ღირსეული საქციელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც დღეს მუშაობს პოლიციაში, ისინი არიან უღირსოები. რა თქმა უნდა, პოლიციაში მუშაობს ათასობით ძალიან წესიერი, გაბედული, პრინციპული, თანამშრომელი და მე თითეულ მათგანს მადლობას ვუხდი და თითოეული მათგანის წინაშე ქედს ვიხრი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, კარინა გრიგორიანი ეთნიკურად სომეხია, მისი დედა კი ეთნიკურად რუსია და "ასე პატრიოტულად გაზარდა თავისი ქვეყნის სამსახურში". 
"საქართველოში ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოხელეების ჯგუფი, პატრიოტების, რომლებიც მზად არიან საქართველოს ინტერესების დასაცავად და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი სახელმწიფოებრიობის", - განაცხადა სააკაშვილმა.
კარინა გრიგორიანმა კი აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს იმ პერიოდით, როდესაც პოლიციაში მუშაობდა. "განსკუთრებით ვამაყობ, რომ ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ასევე, ჯაშუშობის საქმეზე დათა ახალაიას ხელმძღვანელობით. არ შემეძლო არ გადავმდგარიყავი, როდესაც ეს ჯაშუშები იყვნენ გათავისუფლებული", - განაცხადა კარინა გრიგორიანმა.