ოქრუაშვილის  პროცესი დღეს დასრულდება

ოქრუაშვილის პროცესი დღეს დასრულდება

უკანონო შეიარაღებული ფორმირების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ შვიდი ბრალდებულის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა დასრულდეს. 
დღევანდელი პროცესი 11:00 საათზე, ნივთმტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპით ე.წ. მოდულის შენობაში დაიწყება, სადაც, მოსამართლესთან ერთად, მხარეები იმ იარაღს შეამოწმებენ, რომლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დამალვასაც ოქრუაშვილსა და შვიდ პირს აბრალებენ. 
ნივთმტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, პროცესი საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება და, როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გუშინ განაცხადა, დღესვე დასრულდება.
საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც საბრძოლო მასალას წარმოადგენს, პროკურორს გუშინდელ სხდომაზე უნდა წარედგინა. პროკურორმა ნივთიერი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და ეს იმით ახსნა, რომ საბრძოლო მასალის ტრანსპოტირება სახიფათოა, ვინაიდან მასალა შესაძლოა, აფეთქდეს.
პროკურორმა მოსამართლეს ალტერნატივად მტკიცებულებების ადგილზე, მოდულის შენობაში დათვალიერება შესთავაზა.