საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ნოდარ ხადურისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით დებატებზე მერაბიშვილმა უარი თქვა.
"საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს მზადყოფნა გამოთქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე" მონაწილეობა მიეღო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან დებატებში, რაზეც ივანე მერაბიშვილმა უარი განაცხადა. ვითვალისწინებთ რა, საზოგადოების დიდ ინტერესს და თითქმის ყველა წამყვანი ტელეარხისგან მიღებულ შეთავაზებას, აღნიშნული დებატი გამართულიყო სწორედ მათ ეთერში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს "საზოგადოებრივ მაუწყებელს", 2013 წლის 18 იანვარს უზრუნველყოს ნოდარ ხადურისა და ივანე მერაბიშვილის სატელევიზიო დებატები განსხვავებული, გაფართოებული ფორმატით, სადაც მოწვეული იქნება ყველა ტელე-არხის თოქ-შოუს წამყვანი", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, იმ შემთხევევაში, თუ ვანო მერაბიშვილი ამჯერადაც თავს აარიდებს ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მონაწილეობას, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანს წარმოადგენს უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირება.