სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით for.ge-ს პროკურატურიდან სიახლე აცნობეს

სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით for.ge-ს პროკურატურიდან სიახლე აცნობეს

სვანეთის საგანძურის გარშემო იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში, for.ge-ს მიერ შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით ორი სიახლეა, რაზე დაყრდნობითაც ჯერჯერობით, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქმე ადგილიდან დაძრულია.

სიახლე N1 - 15 იანვარს ჩვენს რედაქციაში ძველი თბილისის რაიონული პროკურატურიდან გზავნილი მოიტანეს, რომლის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში გასული წლის 1 ნოემბერს შეტანილი განცხადება (რომლითაც ვითხოვთ ძიების დაწყებას ეროვნული მუზეუმის მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვისა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით) ჯერ თბილისის პროკურატურაში გადააგზავნეს და ამ უკანასკნელიდან ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში.

რედაქციაში 15 იანვარს მოტანილ გზავნილს ხელს აწერს ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მურად მნათობიშვილი. ეს დოკუმენტი 2012 წლის 28 დეკემბრითაა დათარიღებული. მურად მნათობიშვილი ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილების უფროსს ლევან მგელაძეს ასეთი შინაარსის წერილით მიმართავს - „ბატონო ლევან, ქვემდებარეობით გეგზავნებათ ინტერნეტგამოცემა for.ge-ს კორესპონდენტის ნინო მიქიაშვილის განცხადება. გთხოვთ, განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოთ ფაქტების ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის ორგანიზება, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან განცხადების განხილვის შედეგი აცნობეთ ავტორს“.

რადგან ეს დოკუმენტი არაიურისტისთვის რთულად აღსაქმელად ჩავთვალეთ, ვითარებაში უკეთ გასარკვევად მითითებულ მისამართზე - წინაძღვრიშვილის N162-ში 16 იანვარს დილით მივედით, რათა ჩვენც და ჩვენი მკითხველიც დეტალურად ინფორმირებული ვყოფილიყავით, მაგრამ ზემოხსენებულ მისამართზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის ნაცვლად ნატო-ს ოფისი დაგვხვდა. ვიმედოვნებთ, რომ ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილების უფროსი ლევან მგელაძე უახლოეს პერიოდში თავად შეგვეხმიანება და ვითარებაშიც უკეთ გავერკვევით.

სიახლეს N2 - საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური ჯგუფის სახელით 2012 წლის 26 დეკემბერს მე, ნინო მიქიაშვილმა განცხადება შევიტანე, რომლითაც ვითხოვდი ჩვენთვის წერლობით ეცნობებინათ რა ზომები მიიღო პროკურატურამ, სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით 2011 წლის 18 ნოემბერს, მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სახელზე შეტანილ ჩვენს კოლექტიურ განცხადებასთან მიმართებაში, რომელიც ქვემდებარეობის მიხედვით 30 ნოემბერს გადაეგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის იმჟამინდელ პროკურორს როლანდ ახალაიას.

2012 წლის 26 დეკემბერს შეტანილ განცხადებაზე პასუხი ფოსტით მივიღეთ 2013 წლის 4 იანვარს. დოკუმენტს ხელს აწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ლევან ბუაძე. ეს დოკუმენტი 2012 წლის 27 დეკემბრითაა დათარიღებული და მასში წერია:

„სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორს ბატონ ვალერი იოსავას; ასლი: სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის  წევრს ქალბატონ ნინო მიქიაშვილს. ბატონო ვალერი, გეგზავნებათ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსული, სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წევრის ნინო მიქიაშვილის N01/13039226 განცხადება, რომელიც ითხოვს გაირკვეს რა ბედი ეწია სავნეთის საგანძურისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე უარის გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2011 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსულ განცხადებას. გთხოვთ, გაერკვეთ და მიიღოთ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. შედეგებზე აცნობეთ განმცხადებელს“.