ბობოხიძის შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს

ბობოხიძის შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა აკაკი ბობოხიძის შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით, დაკავებული არიან ვერა (ლალი) ანთია და რობერტ გამისონია, რომლებმაც ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისის წინ, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრ აკაკი ბობოხიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს.
ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, დღეს, ვერა ანთია და რობერტ გამისონია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლის საფუძველზე, 100-100 ლარით დაჯარიმდნენ.
გუშინ, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას ხმაურით მიმდინარეობდა, მისი დასრულების შემდეგ კი ინციდენტი მოხდა.
კერძოდ, მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. მათ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს, რომელიც შენობის დატოვებას საპატრულო პოლიციის დახმარებით ცდილობდა, კვერცხი ესროლეს. აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა კი, დაცვის თანხლებით დატოვეს შენობა. მოქალაქეების ნაწილმა მათ მანქანასაც დაუშინეს კვერცხები.