ჯაბა ებანოიძე ბრალდებებს აღიარებს

ჯაბა ებანოიძე ბრალდებებს აღიარებს

შემოსავლების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინათ, თუმცა ისინი არ დაუკავებიათ. 
როგორც ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ განუცხადა, გარკვეულწილად აღიარებს ბრალდებებს. 
"რამდენიმე მუხლით წამიყენეს ბრალი. გარკვეულწიად, ვაღიარებ ბრალდებებეს და დანარჩენი უკვე სასამართლოზე გადაწყდება", - განაცხადა ებანოიძემ. 
მისი ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით კი, "ებანოიძეს ბრალი დაედო თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, იმ ქონების გადამალვაში დახმარებისთვის, იმ ქონების, რომელიც რაღაცა ვალდებულების შესასრულებლად იყო განკუთვნილი", აგრეთვე, ყალბი საანგარიშო დოკუმენტების შედგენაში. 
"ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გავეცნობით ბრალს და კვალიფიკაცია რამდენად შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, ამას უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ჭაბაშვილმა. 
კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის - მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძის ადვოკატების, დავით ხაჟალიასა და კახაბერ შონიას განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები სრულად აღიარებენ ბრალს. 
"ოთარ აგლაძეს ბრალი წარედგინა შემდეგი მუხლებით - დახმარება ქონების გადამალვაში მოჩვენებით ან გარიგებით, დახმარება ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათის დამზადება-გასაღებაში, გამოყენებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ბრალდებული მთლიანად ცნობს დამნაშავედ თავს წარდგენილ ბრადებაში", - განაცხადა დავით ხაჟალიამ. 
კახაბერ შონიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც იდენტური ბრალდება აქვს და სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. 
ადვოკატების ვარაუდით, აღკვეთის სახით სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გირაოს შეუფარდებს. სასამართლო შესაძლოა, ხვალ გაიმართოს. 
ამასთან, ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს. 
შსს-მ "ქართუს" გაკოტრების სქემის შესახებ განცხადება გააკეთა 2012 წლის 17 დეკემბერს. სამინისტროს ინფორმაციით, სქემაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი, ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძველი თბილსის რაიონის გამგებლად დაინიშნა.