უსუფაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიებს საქმიანობაში ხელს ნუ შეუშლიან

უსუფაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიებს საქმიანობაში ხელს ნუ შეუშლიან

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიებს საქმიანობაში ხელს ნუ შეუშლიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დავით უსუფაშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები სახელმწიფოებრივი საკითხია და ამ თემების განხილვის პროცესს საზოგადოებაც პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, პროტესტი გამოხატოს, მაგრამ გარკვეული ჩარჩოები არსებობს.

„მოსახლეობას ვთხოვ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის  თემატიკით შემოიფარგლონ. ამ საკითხებზე, დებატებისა და აქციების გამართვის უფლება არსებობს, მაგრამ განხილვის პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს. მსგავს ინციდენტებს ცოტა რამ საერთო აქვს ნორმალურ სამოქალაქო პროცესთან და მათ შორის კანონთანაც. მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, რადგან როგორც ვიცი, ყველა შესაძლო ზომა მიიღეს, რომ ვითარება არეულობაში არ გადაზრდილიყო“, - დასძინა სპიკერმა.

უსუფაშვილის განცხადებით, ხვალ, 14:00 საათზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ქუთაისში იმსჯელებენ.

„ქუთაისელებს მივმართავ და ვეტყვი, რომ სხდომის ცივილილურ ფორმებში ჩატარება ამ  ქალაქისა და  თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საქმეა.  დამატებით ზომებს მივიღებთ და ადგილზე, სამართალდამცავებიც იქნებიან მობილიზებულნი. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პარლამენტის ღირსება. იმედი მაქვს, რომ ამ ტიპის სოლიდარობა იქნება და არ დაგვჭირდება ზომების მიღება, რომ დაცული იყოს დეპუტატების გადაადგილება და გამოსვლა. დეპუტატებს ვთხოვ, რომ მაქსიმალურად იქნეს ის  გარემოება გათვალისწინებული, რომ ჯერ კიდევ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი რამ დაურეგულირებელია და მოსახლეობის განწყობა დაძაბულია. სჯობს,  საკუთარი მოქმედებებითა თუ სიტყვებით სიტუციას სიმშვიდეს შევუწყოთ ხელი და არა დაპირისპირებას“, - დასძინა სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გასულ წელს მოხდა. ერთ-ერთი პროექტი  კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. ხოლო მეორე ცვლილებით, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.