9 პოლიტდევნილს ინტერპოლით ძებნა მოეხსნა

9 პოლიტდევნილს ინტერპოლით ძებნა მოეხსნა

მთავარმა პროკურატურამ პოლიტდევნილთა სტატუსის მქონე 25 პირიდან 9-ზე ინტერპოლით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა.

ესენი არიან: გიორგი ქადაგიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, მიხეილ ქარელი, იასონ ჩიხლაძე, ლევან ფხაკაძე, გურამ გოგუა, მელიქ რაისიანი, ჯემალ ქარქუსოვი და ილია რამიშვილი.

თითოეულ მათგანს სამშობლოში დაბრუნება, სავარაუდოდ, 21 იანვრის შემდეგ, პროკურატურის მიერ ძებნის შეწყვეტის თაობაზე ოფიციალური განაცხადის შემდეგ შეეძლება.

მთავარი პროკურატურა პოლიტდევნილის სტატუსის მქონე პირებს მოუწოდებს, დსთ-ის ქვეყნების გავლით სამშობლოში დაბრუნებისგან ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, რადგან ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში სხვა ტიპის ხელშეკრულებები მოქმედებს და საჭირო პროცედურების გავლას დრო სჭირდება.

"9 პირზე უკვე შეწყდა წითელი ცირკულარით ძებნა, მაგრამ დსთ-ის ქვეყნებთან გვაქვს სხვა ტიპის ხელშეკრულებები და მათ ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ ამ პირებზე გამოცხადებული ძებნა. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტდევნილებს, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ საქართველოში დსთ-ის ქვეყნების გავლით დაბრუნებისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააკავებენ. მსგავსი ერთი-ორი შემთხვევა დაფიქსირდა კიდეც", - აცხადებს პროკურატურის პრესამსახურის უფროსი ხათუნა  პაიჭაძე.

პროკურატურის ინფორმაციით , დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურების გავლა მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება.