ღია წერილი თბილისის მერს გიგი უგულავას

ღია წერილი თბილისის მერს გიგი უგულავას

ბატონო გიგი, მოგმართავთ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისის“ სახელით. გვინდა ვაღიაროთ , რომ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ლიდერი აღმოჩნდით. „აღფრთოვანებული“ ვართ თქვენი ბოლო სატელევიზიო გამოსვლითა  და ახალი საკადრო პოლიტიკით. როგორც იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ერთი წევრი ( თქვენი სახით) მიხვდა, რომ ქვეყანას პროფესიონალები სჭირდება და არა „ჩვენი დროის ისეთი ახალი გმირები“ როგორიც დავით კირკიტაძეა, ან  მართლმადიდებლობასთან და ქართულ ეკლესიასთან ტყვიით მებრძოლი „გმირი“ დათა ახალაია. სხვა „ნაციონალური მოძრაობის გმირებსაც“ , რომ არ ეწყინოთ მათ პიროვნულ ჩამოთვლას აღარ მოვყვებით, რადგან საკმაოდ ბევრნი არიან და ერთი წერილი მათ ვერ დაიტევს.

ჭეშმარიტებაა ისიც, რომ მაღალ თანამდებობებზე საკუთარი ხალხის ხელკეტებით გამეტებული დარბევისათვის „საუკეთესო ზონდერები“ არ უნდა ინიშნებოდნენ. იმაზედაც სავსებით გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყანას აღარც ქვეყნის პირველ პირთა ახლობელ ნათესავების „გაძლების“ თავი აღარ აქვს. შიმშილის პირას მიყვანილი ხალხის ბოლო კაპიკებით შევსებულ ბიუჯეტსაც   მაღალჩინოსანთა ცოლების ახლობელ მეგობრების დაწინაურება და შემდეგ მათი უცხო ქვეყნებში ვოიაჟების დაფინანსებაც აღარ შუძლია. ეგ კი არა და მათ სატელეფონო ხარჯებსაც ვეღარ აუდის  ბატონო გიგი. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისი“ მიესალმება თქვენს ინიციატივას, ბოლოს და ბოლოს პრიორიტეტი მიანიჭოს გამოცდილებასა და წიგნიერებას საკადრო პოლიტიკაში. მითუმეტეს, პატივი სცეს პარლამენტარიზმსა და ამ ინსტიტუტში მიღებულ გამოცდილებას.

აქედან გამომდინარე სავსებით გასაგებია როგორი გულმოდგინებით უმკლავდება ერთ ბოძზე ორნახევარი სანათის მონტაჟს ყოფილი პარლამენტარი კობა ხაბაზი შპს „სინათლის ქალაქი“-ს სამეთვალყურეო საბჭოში და რამდენად შრომატევადია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი კლარა ცეტკინისათვის“ , ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილისათვის გენდერული საკითხების მოგვარება „სატრანსპორტო კომპანიაში“. ზოგიერთი მათგანი კი იმდენად გამოცდილიც აღმოჩნდა, რომ „მეთვალყურის“ ფუნქციას უკვე გუბერნატორის რანგშიც ითავსებს. 

ბატონო გიგი, თქვენი გამოცდილი პარლამენტარებისადმი ესოდენი დაინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა თბილისის მერიის „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვაკანსიაზე ხათუნა ოჩიაურის ნაცვლად, ჩვენი გუნდის წევრის კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ჩვენთვის გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასასაქმებელი ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს, თუმცაღა შეგახსენებთ, რომ კოჰაბიტაცია ორმხრივი პროცესია. იყავით პირველი და მაგალითი მიეცით თქვენივე გუნდს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისი“ რეკომენდაციას უწევს  სამგზის პარლამენტის წევრის ბატონი რომან კუსიანის კანდიდატურას, რომელიც „თქვენი დროის გმირი ნაციონალი პარლამენტარებისაგან განსხვავებით მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისათვის იბრძოდა.  

პატივისცემით, თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება-თბილისი“