საგარეო უწყება: , მსგავსი განცხადება  მინისტრს არ გაუკეთებია, მედია-საშუალებები აკეთებენ მის ინტერპრეტაციას

საგარეო უწყება: , მსგავსი განცხადება მინისტრს არ გაუკეთებია, მედია-საშუალებები აკეთებენ მის ინტერპრეტაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე , ოფიციალურ განმარტების გაკეთებას აპირებს.

ამის შესახებ, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა დღეს,  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ზალკანიანის განმარტებით, მაია ფანჯიკიძის განცხადება,  სხვადასხვა მედია- საშუალებების მიერ ინტერპრეტირებული იყო.

ის ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამის გამო მაია ფანჯიკიძემ მთავრობის მეთაურისგან შენიშვნა მიიღო და შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს.

,,მსგავსი განცხადება საგარეო  საქმეთა მინისტრს არ გაუკეთებია, სხვადასხვა მედია-საშუალებები აკეთებენ მის ინტერპრეტაციას. ფანჯიკიძე იმყოფებოდა ლიტვის პარლამენტთან არსებულ ევროპულ კლუბში, სადაც იყო თავისუფალი დასწრება. თქვენ შეგეძლოთ გამოგეთხოვათ ინფორმაცია იმ ორგანიზაციისგან, სადაც ღონისძინება გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს ამ ინფორმაციის გამოთხოვას ღონისძიების ორგანიზატორებისგან და საზოგადოებისთვის სრული სახით იქნება ცნობილი იმის თაობაზე, თუ რაზე იყო საუბარი. სინამდვილეში საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, რომ თითოეული კონფლიქტი არის უნიკალური და თითოეულ მათგანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადა ეს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა.

რაც შეეხება იმას, მივა თუ არა ფანჯიკიძე განმარტებებისთვის პარლამენტში, დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ საკმარისია ის განმარტებები, რომელსაც საგარეო უწყების წარმომადგნლები აკეთებენ და ასევე განცხადება გავრცელდება სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის და Facebook-ის მეშვეობით.

ამასთან, მისივე თქმით, ეს საკითხი განხილვის თემა მხოლოდ მედიაშია და არა ოფიციალური არხების მეშვეობით, მათ შორის ეს არ იქნება განხილვის თემა არც სომხეთში, სადაც უახლოეს მომავალში პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი იგეგმება და მაია ფანჯიკიძე დელეგაციის წევრია.