თეა წულუკიანი   დავით უსუფაშვილს  დახურულ ფორმატში  შეხვდა

თეა წულუკიანი დავით უსუფაშვილს დახურულ ფორმატში შეხვდა

რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის შენობა დატოვა.

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს 16:00 საათზე ეწვია და დახურული ტიპის შეხვედრა  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართა.

მოგვიანებით კი, წულუკიანი „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრ დეპუტატებს - გიორგი ცაგარეიშვილის კაბინეტში -  ნინო გუგუაძესა და ვიქტორ დოლიძეს შეხვდა.

მინისტრს მედიის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებდნენ, თუმცა, მან საკანონმდებლო ორგანო კომენტარის გარეშე დატოვა.

From.ge-ს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესა და იუსტიციის მინისტრს შორის საუბარი იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაიმართა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულია და რომელიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ასეთებია - ნაფიცმსაჯულებთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები.

კერძოდ, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება. რა შეეხება საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ცვლილებებს, ინიციატივით სასამართლოს რეფორმა იგეგმება.