დავით ნარმანია:  უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნამდვილად არ ველოდებით

დავით ნარმანია: უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნამდვილად არ ველოდებით

 სამინისტროს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ნათქვამია,რომ 2013 წელს პროექტების გახორციელების კუთხით სამინისტროს მიერ 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. 
ნარმანიას განცხადებით, 2012 წელს დაწყებული ყველა გარდამავალი პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. 
"ამასთან, საქართველოს 25-მდე მუნიციპალიტეტში ინიცირებულია წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტები. გახორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა. პროექტების თვალსაზრისით 2013 წელი ძალიან დატვირთული იქნება და იმაზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე 2012 წელს იყო დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტროს პროექტების შეფერხებების გამო უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნამდვილად არ ველოდებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 
მინისტრი 2013 წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მიაწვდის.
უწყებაში ხვალ 2013 წელს დაგეგმილი პროექტების დეტალური პრეზენტაციაც გაიმართება. მინისტრი როგორც უკვე დაწყებულ, ისე მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრებს. 
ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ყოფილმა პრემიერმა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა. "ამან უკვე გამოიწვია უმუშევრობის ზრდა და შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების კლება. რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელ მთავრობას არ გააჩნია ერთიანი მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.