კომპენსაციის გაანგარიშების წესი ახლებურად დარეგულირდება

კომპენსაციის გაანგარიშების წესი ახლებურად დარეგულირდება

ძალოვანი უწყებებიდან დათხოვილ პირთათვის კომპენსაციის გაანგარიშების წესი ახლებურად დარეგულირდება.

მთავრობამ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ახლებურად რეგულირდება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანანმდებობიდან გათავისუფლებულ პირთათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციისა მოსამსახურეთა და შეზღუდული  შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი.

მომზადებული ცვლილებებით, კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში აღარ მიიღება პირის ხელფასი და გაანგარიშება შემდეგი კომპონენტის გათვალისწინებით მოხდება - 65 წელს ზემოთ დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის - 5-ზე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის - 10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის - 15-ზე.

კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოთ აღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80 პროცენტს.

ამასთან, ამავე პრინციპით მოხდება კომპენსაციის გადაანგარიშება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის.

გარდა ამისა, კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. ასევე ძალოვანი სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო, კომპენსაციის მიმღები ოჯახებისთვის.

მთავრობის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას 19 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისიწნებულია.

კანონის დღეს მოქმედი ნორმით,  სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პირის ასაკი, დათხოვნის მომენტისთვის მისი თანანმდებობრივი სარგო და მუშაობის სტაჟი.

მთავრობის განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ძალოვან სტრუქტურებში 2005 წლამდე არსებული თანანმდეობები არ შეესაბამებოდა ამ სტრუქტურებში 2005 წლის შემდეგ არსებულ თანანმდებობებს, ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდ გაუქმებული იყო, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდიდა პენსიების გადაანგარიშებას. შესაბამისად, მათი შეფასებით, პროექტის მიღების მიზეზი კომპენსაციის ოდენობებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრის აუცილებლობა.