მეგის ქარდავა  ვიდეომასალაში ასახული ფაქტების ორგანიზებას კატეგორიულად უარყოფს

მეგის ქარდავა ვიდეომასალაში ასახული ფაქტების ორგანიზებას კატეგორიულად უარყოფს

მეგის ქარდავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით,  მეგის ქარდავა პროკურატურის განცხადებას და ვიდეომასალაში ასახული ფაქტების ორგანიზების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

ადვოკატი თქმით, პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, ქარდავას ესაუბრა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული ვიდეომასალის გადაღების ორგანიზებას.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პროკურატურამ ქარდავას ბრალი გუშინ სულ სხვა ეპიზოდის მიხედვით წარუდგინა და აღნიშნულ კადრებზე ბრალდება არ არის წარდგენილი.

,,დანაშაული არის წამების ორგანიზება და არა გაუკუღმართებული ფორმით, სქესობრივი კავშირის ორგანიზება. გუშინ ქარდავასთვის წარდგენილი ბრალდება ეხება სულ სხვა ეპიზოდს, კერძოდ პატიმარს. მეგის ქარდავას პოზიცია არის ის, რომ სისულელეა ასეთი რამ ადამიანს დააბრალო. ვიღაც თანამშრომელი თუ ვინმეს უღებდა და ამაში ფულს იღებდა, ეს არ შეიძლება მეგის ქარდავას დავალებული იყოს. არ შეიძლება ყველაფერი ამ ადამიანს დააბრალონ. ქარდავა მიიჩნევს, რომ აბსურდულია ეს ყველაფერი და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ მოუგროვოს უაზრო ბრალდებები”, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით.)

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.