პატრულს  ახალი პროგრამით გადაამზადებენ

პატრულს ახალი პროგრამით გადაამზადებენ

საპატრულო პოლიცია გადამზადებას ახალი პროგრამით გაივლიან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადამზადებას ახალი პროგრამით გაივლიან. გადამზადების ახალი პროგრამის გახსნას პოლიციის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ. 
 შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აკადემიაში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები და განსაკუთრებული ყურადღება პოლიციელის საზოგადოებასთან ურთიერთობას მიექცევა. მისივე თქმით, შემუშავდა მსმენელთა მიღების ახალი წესი და კანდიდატებს ტესტირება და გასაუბრება ახალი მეთოდებით ჩაუტარდებათ. 

 პოლიციის აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილის თქმით, გადამზადების პროგრამა ათკვირიანი იქნება, რომელიც საზოგადოების მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული და მეტი დრო დაეთმობა ადამიანის უფლებებს. მისივე ინფორმაციით, კურსის შემუშავების პროცესში აკადემია მჭიდრო თანამშრომლობდა ამერიკელ კოლეგებთან. 
გადამზადების ახალი პროგრამის დაწყებას მნიშვნელოვნად აფასებენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. პატრულ-ინსპექტორების თქმით, აღნიშნული პროგრამა საჭიროა მეტი უნარების შესაძენად, მოქალაქეებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული ზრდისა და წინსვლისთვის. 

 
პოლიციის აკადემიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების ახალი პროგრამა დაამტკიცა. უცხოელი ექსპერტების დახმარებით,სასწავლო პროგრამებისაფუძვლიანად გადამუშავდა: არსებითად გაიზარდა მათი ხანგრძლივობა, დაემატა პრაქტიკული სავარჯიშოები, დეტალურად გაიწერა სწავლების შედეგად მიღებული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები. 
შსს-ში განმარტავენ, რომ აკადემიაში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები: პრაქტიკული და საველე სავარჯიშოები, იმიტირებული სცენები, სისტემატიზებულია სტანდარტულ სიტუაციებში პოლიციელის ქცევის წესები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიციელის საზოგადოებასთან ურთიერთობას.
შემუშავდა მსმენელთა მიღების ახალი წესიც: კანდიდატებს ტესტირება და გასაუბრება ახალი მეთოდებით ჩაუტარდებათ. ასევე, განახლდა მიმღები კომისიის შემადგენლობა. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, კანდიდატის საჩივრის განხილვის ახალი პროცედურები განისაზღვრა.
გარდა ამისა, სასწავლო პროცესის დახვეწის მიზნით, დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი: განისაზღვრა პროფესიული უნარებისა და ცოდნის მიღებისათვის ოპტიმალური ვადები; შეიქმნა მსმენელთა ცოდნის შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემა; ასევე, განისაზღვრა მიღებული შეფასების გაპროტესტების მექანიზმები და შემუშავდა აკადემიის ტერიტორიაზე ქცევის წესი.