ეკა ბესელია:  საზოგადოებამ  უნდა ნახოს, ვის ეძახდა სააკაშვილი ჯაშუშებს და მოღალატეებს

ეკა ბესელია: საზოგადოებამ უნდა ნახოს, ვის ეძახდა სააკაშვილი ჯაშუშებს და მოღალატეებს

პოლიტპატიმრების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ამნისტიის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესერლიამ გლდანის #8-ე საპყრობილესთან გუშინ განაცხადა.

ბესელიას თქმით, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც მას ექნება, არის ის, რომ გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას ყველა იმ საქმეს, რომელიც იყო დახურული და გასაიდუმლოებული.

"საზოგადოებამ ნახოს, ვის ეძახდა სააკაშვილი ჯაშუშებს და მოღალატეებს. საზოგადოებამ განსაჯოს, როგორ სამარცხვინოდ ხდებოდა ამ საქმეების შეთხზვა. ყველა ფურცელი უნდა გახდეს საჯარო და ამის შემდეგ მათ არ დარჩებათ არაფერი სალაპარაკო. ეს ალბათ უახლოეს დღეებში მოხდება, როცა ადვოკატები ამ პროცესში ჩაერთვებიან", - აღნიშნა დეპუტატმა.

ბესელიას შეფასებით, 13 იანვარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღეა არჩევნების შემდეგ და არ არსებობს იმაზე მეტად ღირებული, რომ უკანონოდ დატყვევებული ადამიანი გაათავისუფლო.

"დიდი სირცხვილი იყო, რომ ქვეყანას ამ დრომდე ჰყავდა სააკაშვილის პირადი მძევლები და პატიმრები. რაც არ უნდა თქვას დღეს სააკაშვილმა და როგორი ღვარძლიანი განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, ვისაც არ უნდა ეძახოს ხალხის მტერი და ჯაშუში, ფაქტია, რომ ყველაზე დიდი ბოროტება, რაც მან გააკეთა, ქვეყანას გაუკეთა. მას პირადი მძევლები და პატიმრები ჰყავდა. დღეს ჩვენ სააკაშვილის პირადი მძევლები და პატიმრები გავათავისუფლეთ", - დასძინა მან.

ეკა ბესელია გლდანის #8-ე დაწესებულებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს გუშინ პირადად დაესწრო.

13 იანვარს ციხეები პოლიტპატიმრის სტატუსით 190-მა პირმა დატოვა, მათ შორის 70 გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდა.