12 იანვრიდან ამნისტიის კანონი ძალაში შედის

12 იანვრიდან ამნისტიის კანონი ძალაში შედის

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის,  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა. ეს განცხადება მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ეკა ბესელიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს, ამნისტიის კანონს ხელი არ მოაწეროს, მაშინ მისი აღსრულება 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოხდება.
„თუ 11 იანვარს ისევ არ გადაწყვეტს ქვეყნის პირველი პირი, რომ ხელი მოაწეროს კანონს, მაშინ მისი აღსრულება მოხდება უკვე 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და იმავე დღეს გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, რის შემდეგაც ოფიციალურად შევა ძალაში. ჩვენ საკანონმდებლო ორგანო გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანონის დროულად აღსრულება განხორციელდეს“,-განაცხადა ბესელიამ.
 სოზარ სუბარის  განმარტებით, პირველად სასჯელაღსრულების დაწესებულებას პოლიტმატიმრები დატოვებენ.

„როგორც კი ხელი მოეწერება დოკუმენტს და კანონი ძალაში შევა, მეორე დღეს, 13 იანვარს დილითვე დავიწყებთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებას. ყველა საპყრობილის კარი ერთდროულად გაიღება და 190-ვე ადამიანი დატოვებს ციხეებს. ეს პროცესი სულ რაღაც ერთ საათს გასტანს.
რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, ჩვენ გვაქვს ორკვირიანი ვადა  სასამართლოებს პატიმართა გადავუგზავნოთ, თუმცა მზად ვართ ეს პირველივე დღიდან დავიწყოთ და თავის მხრივ იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც ჩაეტევა იმ ორთვიან ვადაში, რაც მას პატიმრების გათავისუფლებისთვის აქვს განსაზღვრული. ორთვიანი ვადა არ ნიშნავს, რომ ორი თვის თავზე გათავისუფლდება ყველა მსჯავრდებული – ეს პროცესი დაიწყება პირველივე დღეს და ორი თვის ვადაში დასრულდება", -აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი.
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მქონე პირებს, თეა წულუკიანის განმარტრბით, „პროკურატურა ფეხს აუწყობს მთავრობის რიტმს“.
„14 იანვრიდან პროკურატურა მიმართავს სასამართლოებს შუამდგომლობით, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების, ისე სხვა ტიპის ზომების მიღების მოთხოვნით. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, პროკურატურა ფეხს აუწყობს მთავრობის რიტმს და ორკვირიან ვადაში მოხდება ყველა იმ შუამდგომლობის ფორმირება, რაც საჭიროა დანარჩენი პატიმრების გათავისუფლების დასაწყებად. ეს იქნება სწრაფი პროცესი – პირველ რიგში ციხეებს დატოვებენ პოლიტპატიმრები, რამდენიმე დღეში პოლიტიკური ნიშნით დევნილები, შემდეგ კი უკვე დანარჩენი კატეგორიის მსჯავრდებულები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.