,,საია”  მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის შეუზღუდავად დათხოვნის უფლებამოსილება არ უნდა მიეცეს

,,საია” მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის შეუზღუდავად დათხოვნის უფლებამოსილება არ უნდა მიეცეს

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პრეზიდენტის მხრიდან, მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს ხედავს.

,,საიას” წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დადებითია ის, რომ თუკი ერთი პირის მიერ მართლაც მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა, ხელოვნურად ამის საშუალება არ უნდა ჰქონდეს.

მაგრამ მისივე თქმით, მეორე მხრივ, საია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის შეუზღუდავად დათხოვნის უფლებამოსილება არ უნდა მიეცეს და პარლამენტი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მთავრობა უფრო დაზღვეული იყოს.

მისივე თქმით, სწორედ სახალხო განხილვის პროცესში გამოჩნდება, რამდენად სწორი საკონსტიტუციო ინიციატივა არის წარმოდგენილი პარლამენტის მხრიდან.

იუსტიციის სახლში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიების პირველი სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი გულისხმობს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომლის თანახმადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. საშემოდგომო სესიის დასრულებისას კი, პარლამენტში კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად პრეზიდენტის უფლებამოსილება უქმდება, რომელიც პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.