ახალი კანონმდებლობით მანდატურების ახალი უფლებები განისაზღვრა

ახალი კანონმდებლობით მანდატურების ახალი უფლებები განისაზღვრა

საქართველოს პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს მიღებული “ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები დღეს ამოქმედდა. ცვლილებები სკოლის მანდატურებთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს და ისეთ საკითხებს აზუსტებს ,როგორიცაა პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი. 
ცვლილებების თანახმად,  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად დასანიშნად, პირს აღარ მოეთხოვება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა სფეროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად მოსცილდა - სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, მანდატურების მოსამზადებელი კურსები მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული. ცვლილებების თანახმად, მანდატურებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებზე დასწრების და  სათათბირო ხმის უფლება ჩამოერთვათ. ახალი კანონმდებლობის თანახმად, სხდომებს მანდატურები მიწვევის საფუძველზე დაესწრებიან, გამოთქვამენ მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნილ საკითხებზე, მაგრამ სათათბირო ხმის უფლება არ ექნებათ.

 კანონში განხორციელებული ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.