პარლამენტში ირაკლი ოქრუაშვილის საქმესაც შეისწავლიან

პარლამენტში ირაკლი ოქრუაშვილის საქმესაც შეისწავლიან

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში  პოლიტიკური ნიშნით დევნის 80-მდე ახალი საქმეა შესული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, კომიტეტში განცხადებები და საჩივრები შევიდა, რომელსაც კომიტეტი შეისწავლის.

„პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ფორმაა, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კონკრეტულ საქმეებზე დასკვნას მოამზადებს და ის პარლამენტის სხდომაზე საჯარო განხილვის საგანი ხდება. შესაძლოა ჩვენ ამ გზით ვიაროთ და შეიძლება სხვა ტიპის გადაწყვეტილებებიც მივიღოთ“, - აცხადებს დეპუტატი.

კანონმდებლის ინფორმაციით,კომიტეტში შესულ საქმეებს შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განაცხადიც არის.

რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედების თარიღს, დეპუტატი განმარტავს, რომ კანონს პრეზიდენტმა ხელი 11 იანვრამდე უნდა მოაწეროს, თუმცა, თუ მიხეილ სააკაშვილი კანონს ხელს არ მოაწერს,  ეს კანონის  აღსრულებას ვერ შეაჩერებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება 12 იანვარს კანონს ხელი მოაწეროს, რის შემდეგაც  კანონის აღსრულების პროცესი დაიწყება.