წულუკიანი: მელნიკოვს ექსტრადირების ვადები არ ეწურება, თოფურიძე კი ლოცვის დროს არ დაუკავებიათ

წულუკიანი: მელნიკოვს ექსტრადირების ვადები არ ეწურება, თოფურიძე კი ლოცვის დროს არ დაუკავებიათ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოლეგ მელნიკოვი უკრაინის საექსტრადიციო საპყრობილიდან საქართველოში იქნება ჩამოყვანილი.ეს განცხადება მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

წულუკიანის განმარტებით, საქართველო მოქმედებს მინსკისა და ევროპული კონვენციის მიხედვით, რომელიც მასალების წარდგენის ვადად მაქსიმუმ 40 დღეს განსაზღვრავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ვადები მასალების წარდგენის თვალსაზრისით საქართველომ დაიცვა. ახლა კი უკრაინელი კოლეგები საექსტრადაციო პროცედურებზე მუშაობენ, გამომდინარე აქედან, მელნიკოვის ექსტრადირების ვადა16 იანვარს არ იწურება,როგორც ამას მელნიკოვის ადვოკატი აცხადებს.

"16 იანვარი არ არის ექსტრადიციის ამოწურვის ვადა. ჩვენ განსაზღვრულ ვადებში წარვადგინეთ მასალები მელნიკოვთან დაკავშირებით. ახლა ჩვენი კოლეგები მუშაობენ, რის შემდეგაც გარწმუნებთ, რომ ოლეგ მელნიკოვი უკრაინის საექსტრადიციო საპყრობილიდან საქართველოში იქნება ჩამოყვანილი", - აცხადებს წულუკიანი.

4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ დათა ახალაიას, ასევე სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება. მათ საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგდატოვეს.

მათზე ძებნა "ინტერპოლის" ხაზით გამოცხადდა.

აღნიშნული პირები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტაში, კერძოდ, პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი. საქმე 2005 წელს იმ პოლიციელების ცემას ეხება, რომლებსაც ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

რაც შეეხება სოსო თოფურიძეს,თეა წულუკიანის განცხადებით, მისი სტამბულში ყოფნა დასტურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას  თოფურიძე ლოცვის დროს არ დაუკავებია.  

მინისტრის განცხადებით, თოფურიძემ საქართველოს დატოვების შემდეგ რამდენიმე ქვეყანა მოიარა. ამასთან, შემოწმდება იმყოფება თუ არა იმ ლოცვის შემდეგ თოფურიძე თურქეთში, რის შემდეგაც მოხდება სამართლებრივი ზომების მიღება და მისი დაკავება.

"დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ თოფურიძე მართლაც იმყოფებოდა სტამბულში ლოცვაზე. მას აქვს ლოცვის უფლება და ჩვენ ამას ვერ ჩამოვართმევთ. ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ლოცვის უფლებას ჩამოართმევდა თოფურიძეს", - აცხადებს თეა წულუკიანი.