გიორგი სეთურიძე სააკაშვილს  სიცრუეში ამხელს

გიორგი სეთურიძე სააკაშვილს სიცრუეში ამხელს

საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის(CCII) დირექტორის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, არაბი ინვესტორების მიერ, თბილისში 40 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა არა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არამედ,   2010 წელს შეჩერდა.

 „გვსურს კომენტარი გავუკეთოთ 7 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაბული საინვესტიციო ჯგუფის „დაბი ჯგუფი”-ს მიერ საქართველოში პროექტის შეჩერების მიზეზების თაობაზე. პროექტის, რომელიც ითვალისწინებდა რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას.

რამდენადაც „დაბი ჯგუფი“, როგორც ინვესტორი ქვეყანაში სწორედ ჩვენმა ცენტრმა შემოიყვანა და დიდი ხნის განმავლობაში მის საქმიანობასაც წარმართავდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინვესტორმა პროექტის განხორციელება შეაჩერა ახალი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიზეზით, სიმართლეს არ შეესაბამება.

პროექტის დაფინანსება და განხორციელება შეწყდა 2010 წლის გაზაფხულზე „დაბი ჯგუფი“-ს ერთ-ერთი მენეჯერის – სამი ედვარდსის – საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კორუფციული გარიგების მიზეზით. კერძოდ, აღნიშნული სახელისუფლებო კორუფციული ჯგუფი ინვესტორთა დეზინფორმირების გზით ცდილობდა და ცდილობს აღნიშნული პროექტის განხორციელებით მიიღოს სარგებელი და წარმართოს საქმიანობა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. მათი ქმედებები მიმართულია უშუალოდ ინვესტორისა და ქყვეყნის ინტერესების საზიანოდ. განცხადება აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით უკვე შესულია მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება.

გასული წლის 7 ოქტომბერს მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ინვესტორის მიერ 5-ვარსკვალიავიანი სასტუმროს აშენებას, კულტურის სამინისტრომ პროექტის მენეჯერებს მისცა რეკომენდაცია ქალაქის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და იერსახესთან პროექტის შესაბამისობაში მოყვანაზე.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, „დაბი ჯგუფი“ არის საკმაოდ წარმატებული და საქართველოს მიმართ ლოიალურად განწყობილი კომპანია. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ხოლო პრეზიდენტის მიერ ასეთი განცხადების მიზანი არის ახალი ხელისუფლების მიმართ პოტენციური ინვესტორების უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რითაც ჩვენის აზრით ზარალდება არა რომელიმე მხარე, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი“,- ნათქვამია  საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში