ლადო ბედუკაძე: მე ვბრუნდები საქართველოში და დამაკავეთ

ლადო ბედუკაძე: მე ვბრუნდები საქართველოში და დამაკავეთ

ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს და საქართველოს მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილს მიმართავს.

,,ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე ვბრუნდები საქართველოში და დამაკავეთ. დამაკავეთ და ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად განმიმარტეთ ბრალდება, რასაც პირადად მთელი არსებით ვერძოდი და რისკის ქვეშ დავაყენე ჩემი ოჯახის, მეგობრების პირადი უსაფრთხოება. დამაკავეთ და განმიმარტეთ, რომ ბრალი მედება სამშობლოს სიყვარულში”-წერს ბედუკაძე.

მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე იმედი ჰქონდა, რომ პროკურატურა მოუხსნიდა ინტერპოლით გამოცხადებულ ძებნას, რომ თავისუფლად დაბრუნებულიყო ქვეყანაში. ,,თუმცა ესეც არაფერია, ბევრი გადამიტანია და კვლავაც გადავიტან”,- ამბობს ბედუკაძე.

მისი თქმით, დღეს საქართველოში გმირები ციხეში ჰყავთ გამოკეტილი. "მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს- ბორის ფარულავა ჩვენი დროის გმირია! პატიმართა გარდაცვალების, ცემის, წამების, გაუპატიურების შეწყვეტისთვის თავგანწირულნი, ამავე მუხლით ვსამართლდებით! იმ ლოგიკით, თუ ბორის ფარულავა დამნაშავეა და აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული საზოგადოებისგან, როგორც ბოროტი დამნაშავე და გამოკეტილი გისოსებს მიღმა, მოვითხოვ, ჩემთან ერთად ასევე პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის თანამშრომელი, ვისაც განსაკუთრებით 2005 წლის შემდგომ უმსახურია სასჯელაღსრულების სისტემაში, გარწმუნებთ ყველა მათგანს თუ მონაწილეობა არ მიუღია პატიმართა ცემა -წამების აქტებში - დაუფარავს მაინც ის! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემსა და ფარულავა-აკობიას მიერ გამოტანილ კადრებში მოხვედრილი პირები (გამონაკილისი მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მმართველი რგოლია) სრული შემთხვევითობაა. ისინი ასრულებდნენ ბრძანებას”, - წერს ბედუკაძე.

ის სთხოვს არჩილ კბილაშვილს, დროულად გადაწყვიტოს მათი ბრალეულობის საკითხი.

,,ნუ მაფიქრებინებთ, რომ ქვეყანაზე სამართალი აღარ ყოფილა, ნუ დამარწმუნებთ ჩემს მიერ რამდენიმე ხნის წინ გამოთქმული სიტყვების რეალობაში, რაც შეეხებოდა კადრების გავრცელების სინანულს. მეც და ფარულავამაც თავი გავწირეთ სამშობლოს გადარჩენისთვის და დაე, დავისაჯოთ ამ სიყვარულისთვის”,- დასძენს ბედუკაძე.