ჩაფიძე: საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ძალისხმევით, პილიგრიმებთან არსებული პრობლემები აღმოიხვრება

ჩაფიძე: საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ძალისხმევით, პილიგრიმებთან არსებული პრობლემები აღმოიხვრება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დეპუტატი ელისო ჩაფიძე იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ძალისხმევით, პილიგრიმებთან არსებული პრობლემები აღმოიხვრება.

როგორც from.ge-ს ისრაელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩაფიძემ განუცხადა, რელიგიური გრძნობებისთვის წმინდა მიწის მოლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია და  პრობლემის მოგვარებას საპატრიარქო ადვილად შეძლებს.

„რამდენიმე წლის წინ, როდესაც ისრაელში ვიმყოფებოდი, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ისრაელში დარჩა და თავშესაფარი მოითხოვა. ანუ, ეს ინფორმაციაც რეალობას შეესაბამება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი რელიგიური გრძნობებისთვის წმინდა მიწის მოლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია და საპატრიარქო ამ პრობლემის მოგვარებას ადვილად შეძლებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი მკაცრი ზომები გატარდეს და პოლიგრიმები სიმკაცრით შემოწმდნენ“, - აცხადებს ჩაფიძე.

კანონმდებელი არც იმას გამორიცხავს, რომ ისრაელის გადაწყვეტილება გაეროში საქართველოს მიერ პალესტინის მიმართ დაფიქსირებულ მხარდაჭერასაც უკავშირდებოდეს.

„არ მგონია, რომ ისრაელის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდება, მაგრამ შესაძლოა გარკვეული გავლენა ამ საკითხმაც მოახდინა. ვფიქრობ, რომ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ძალისხმევით, ეს პრობლემა აღმოფხვრება“, - დასძინა დეპუტატმა.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომლოცველთა 46-კაციანი სია გადაეგზავნა, თუმცა,  ისრაელმა ამ პირებზე ვიზების გაცემაზე უარი განაცხადა. ისრაელის საელჩო კი აცხადებს, რომ ისრაელში სტუმრობის მსურველი ინდივიდუალებისა თუ ჯგუფებისთვის ვიზების გაცემა ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.  

რაც შეეხება მხარდაჭერილ რეზოლუციას, 29 ნოემბერს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაეროს ასამბლეამ 138 ხმით მათ შორის საქართველოს მხარდაჭერით  რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც,  პალესტინას „მუდმივი დამკირვებლის“ სტატუსი მიენიჭა.