მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა

 დღეს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა. 2007 წლის შემოდგომაზე საქართველოში აქტიური  პოლიტიკური პროცესების და ნოემბრის მოვლენების შემდეგ,პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა: მიხეილ სააკაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ოპოზიციურმა ერთობამ "ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ" წარმოადგინა, ბიზნესმენი და ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი და პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი.    

საპრეზიდენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 53,47 %-ით გაიმარჯვა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 2008 წლის 20 იანვარს, თბილისში, დედაქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,საქართველოსპრეზიდენტი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით აირჩევა. თუმცა, 2006 წელს საქართველოს კონსტიტუციის 70–ე მუხლში ცვლილებები გახორციელდა ,რის თანახმადაც პრეზიდენტის მორიგი არჩევნები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება.