№18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

№18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შიდსით 47 წლის მსჯავრდებული გარდაიცვალა. 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარი  გ.ს. რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დღეს დილით დაიღუპა.
"№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2013 წლის 3 იანვარს, დილის 04:30 საათზე გადაიყვანეს #16 დაწესებულებაზე რიცხული ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან, დიაგნოზით: აივ ინფექცია (შიდსი) C3 სტადია, პნევმოცისტური პნევმონია, აივ ასოცირებული განლევის სინდრომი, ტერმინალური მდგომარეობა, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, ფილტვის ტუბერკულოზი მგბ(-) უარყოფითი, იშემიური ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, მარცხენამხრივი ჰემიპარეზის სახით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, პაციენტი 2012 წლის ნოემბერში იდენტიფიცირებული იყო როგორც მძიმე, განუკურნებელი სენით დაავადებული და შეყვანილი იყო სიაში, რომელიც მინისტრმა პრეზიდენტს გადაუგზავნა, მაგრამ მსჯავრდებულმა გ.ს. თავად თქვა უარი შეწყალებაზე. 
"ამასთანავე, გ.ს-ს ბოლო თვეების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდა შეწყვეტილი შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობა, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი და პაციენტის წერილობითი უარი დატანილია მის სამედიცინო დოკუმენტაციაში", - აღნიშნავენ უწყებაში.
გარდაცვლილი მსჯავრდებული სამჯერ იყო ნასამართლევი, პირველად სასჯელს იხდიდა საქართველოს სსკ.177 მუხლის, II ნაწილის, "ა,ბ" პუნქტის, მეორედ სსკ 178 მუხლის III ნაწილის "ა" პუნქტის, მესამედ სსკ 273 მუხლის თანახმად.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.
გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით დანიშნულია ექსპერტიზა.