წერეთელი: ვისურვებდი, რომ 2013 წელი გაცილებით მეტი ცვლილების მომტანი იყოს

წერეთელი: ვისურვებდი, რომ 2013 წელი გაცილებით მეტი ცვლილების მომტანი იყოს

მინდა, რომ მომავალმა წელმა საქართველოს კურსთან მიმართებაში კითხვები არ გააჩინოს, რაც ქვეყნის ინტერგაციას - ევროპასა და ნატოში გულისხმობს.

ამის შესახებ from.ge-ს 2012 წლის შეფასებისას, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, 2012 წელი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული და  პოლიტიკურად სერიოზული წელი იყო, რადგან საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა,  მოსახლეობამ ახალი ხელისუფლება აირჩია და ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა.

„ეს არჩევნები, ქვეყნის დემოკრატიისა და ელექტორატის გარკვეული ტესტი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არჩევნების შემდეგ  პროცესმა  დემოკრატიის მაღალი ხარისხი აჩვენა, რადგან ბევრი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, რასაც მსოფლიოში შეფასება მიეცა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კრიტიკული შეფასებებიც გამოითქვა“, - აცხადებს დეპუტატი.

წერეთელი მომავალ წელთან მიმართებაში სურვილებს გამოთქვამს.

„ვისურვებდი, რომ ბევრი არასასიამოვნო რამ, რაც 2012 წელს მოხდა,   ძველ დროში დარჩეს და 2013 წელი გაცილებით მეტი ცვლილების მომტანი იყოს. ხოლო, ახალმა ხელისუფლებამ  ბევრი დაპირების შესრულება შეძლოს. ამასთან, მთავრობამ  თავისი როლი შეასრულოს, როგორც ქვეყნის ინტერესების დამცველმა და მინდა, რომ მომავალმა წელმა საქართველოს კურსთან მიმართებაში, კითხვები არ დასვას, რაც ქვეყნის ინტეგრაციას ევროპასა და ნატოში გულისხმობს. ასევე პოლიტიკურ ძალთა შორის იმ საკითხებზე გაგება უნდა არსებობდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიურია“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება იმას დეპუტატი ახალ წელს თუ სად ხვდება, წერეთელი აცხადებს, რომ როგორც ბევრი ოჯახი, ასევე მისი ოჯახის წევრებიც ახალ წელს სახლშია ხვდებიან.

„თუ რამის გამო, საზღვარგარეთ არ ვარ,  ახალ წელს ოჯახში ვხვდები, ხოლო შემდეგ  უახლოეს ნათესავებთან - მშობლებთან, დასთან და მეგობრებთან ჩამოვლა მაქვს“, - აცხადებს კანონმდებელი.