სააკაშვილი: ჩვენი ამოცანა არ არის, პოლიტიკური დაძაბულობის რეჟიმში ყველა საკითხი სადღაც მოვისროლოთ

სააკაშვილი: ჩვენი ამოცანა არ არის, პოლიტიკური დაძაბულობის რეჟიმში ყველა საკითხი სადღაც მოვისროლოთ

ჩვენი ამოცანა არ არის, პოლიტიკური დაძაბულობის რეჟიმში ყველა საკითხი წყალს გადავაყოლოთ და ყველაფერი სადღაც სხვაგან მოვისროლოთ  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ მარტვილში, ადგილობრივი საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები „მაგრად დადგნენ".

„ვფიქრობ, ყველას ინტერესებშია, რომ წესრიგი და კანონიერება აღდგეს, რადგან ჩვენ კარგად გვახსოვს გადამწვარი მარტვილი, კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირება. დღემდე არის ამისი ნიშნები და „შრამები" დარჩენილი აქაურობაზე. საკრებულოს შენობაში არ არის შუქი, დილიდან ზუგდიდში არ იყო შუქი - 90-იანების ნოტები ჟღერს. მოვდივარ ქვემო ქართლიდან - იქ მასობრივი ყაჩაღობები და ხალხის დაუთოებაა, რაც ბოლო 9 წელიწადი არავის უნახავს. ეს გვინდა ჩვენ?! ყველაფერი, რა მიმართულებითაც საზოგადოების წაყვანას ცდილობენ, ამ ყველაფრისკენ მიმავალი გზაა. ეს გვინდა თუ ის, რომ დემოკრატიისა და პლურალიზმის პირობებში ყველა მოსაზრებას ვცეთ პატივი და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ?!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტს არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ მიაწოდა. მისი განმარტებით, საკრებულოს წევრების დამსახურებაა, რომ თითქმის ერთი თვის შემდეგ მუშაობის საშუალება მიეცათ.