ლია მუხაშავრია: პრეზიდენტის მიერ, ამნისტიის კანონზე ხელმოუწერლობამ „ნაც. მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი გააფორმა

ლია მუხაშავრია: პრეზიდენტის მიერ, ამნისტიის კანონზე ხელმოუწერლობამ „ნაც. მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი გააფორმა

"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის, ლია მუხაშავრიას შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტზე  პარლამენტის მიერ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედებაზე მიუთითებს.

როგორც მუხაშავრია from.ge-სთან საუბარში აცხადებს, ეს ყოველივე ნიშნავს, რომ პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდა.

„მგონი, პირველად მოვესწარით, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ვეტოს უფლება გამოიყენა და მოვესწარით იმას, რომ კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, ვეტოს დაძლევით, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს ნება აღსრულდა და კანონი მიღებული იქნა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და მიუთითებს იმაზე,  რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ამოქმედდა“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

მუხაშავრიას თქმით, პრეზიდენტს ამნისტიის კანონთან დაკავშირებით,  დილემა ჰქონდა.

„ერთის მხრივ, თუ ის ამნისტიის კანონს ხელს მოაწერდა, ამით აღიარებდა, რომ მისი მმართველობისა და ლიდერობის პირობებში,  ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა  და ხალხი პოლიტიკური მოტივით პატიმრობაში იყო. მეორეს მხრივ, მას ჰქონდა დილემა, რომ თუ ამ კანონპროექტს ხელს არ მოაწერდა,  ამით რაღაც ბარიერს შექმნიდა და მას პიროვნულად, საკუთარი დაცვის არგუმენტად გამოადგებოდა, როცა ამაზე პასუხი მოეთხოვებოდა. ვფიქრობ,  ეს დილემა მან  სუბიექტური კრიტერიუმის სასარგებლოდ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, მაგრამ საბედნიეროდ, სწორედ ამ მოვლენამ, რომ მან ხელი არ მოაწერა კანონპროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი გააფორმა“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

რაც შეეხება ზოგადად, 2012 წლის სამართლებრივ შეფასებას, წარმატებასა და წარუმატებლობებს მუხაშავრიას განცხადებით, ეს წელი ორად იყოფა.

„ალბათ, წარმატება ისაა, რომ ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ და ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთ. ანუ კონსტიტუციური წესრიგი შევინარჩუნეთ და  კონსტიტუციური პროცედურების და რეგლამენტების დაცვით მოვახდინეთ მნიშვნელოვანი ცვლილება. ცუდი ისაა, რომ ეს წელი ორად იყოფა.  პირველ ოქტომბრამდე და პირველი ოქტომბრის შემდეგ. პირველ ოქტომბრამდე ძალიან მძიმე, დაძაბული და უფლებადარღვევებით გაჯერებული ატმოსფერო იყო, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერზე მიდიოდა და უფლებებს ფეხქვეშ თელავდა და პირველი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ, არ იყო ცვლილებები რეალურად მომხდარი, მხოლოდ არჩევნები შედგა და ადამიანებს გაუჩნდათ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი იმისა, რომ ის საშინელი ცხოვრება, რომელშიც ყველანი ერთად   9 წლის მანძილზე ვიქნებით  შეიცვლება“, - განაცხადა მუხაშავრიამ.