პროკურატურა თაკო სალაყაიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა თაკო სალაყაიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge  უცვლელად გთავაზობთ. 
"თაკო სალაყაია მოწმის სახით მთავარ პროკურატურაშია დაბარებული დათა ახალაიას, გერონტი ალანიას, იოსებ თოფურიძისა და ოლეგ მელნიკოვის მიმართ,წარდგენილი ბრალდების საქმეზე. 
ხსენებული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,თ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა",,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
2012 წლის 19 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში შემოსული განცხადების (საგაზეთო სტატიის) საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სს სამძებრო განყოფილების უფროსის და ამავე განყოფილების უფროსის ცემის ფაქტზე;
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია შემდეგი: 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს ს.ს. სამძებროს უფროსს მ.ა-ს, ამავე სამმართველოს 1 განყოფილების უფროსს დ.კ-ს და ამავე განყოფილების ს.ს. სამძებროს უფროსს ზ.მ-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სოსო თოფურიძე და იმ მოტივით, რომ მათი ნახვა დეპარტამენტის დირექტორ დათა ახალიას უნდოდა, სამივე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიბარა. დაახლოებით 13:00 საათისათვის მ.ა. და დ.კ. მივიდნენ "მოდულის" შენობაში, დაახლოებით 14:00 საათისათვის ,,მოდულის" შენობასთან მივიდა ზ.მ. საშვთა ბიუროს გავლით, მ.ა. და დ.კ. ავიდნენ სოსო თოფურიძის სამუშაო ოთახში, რომელმაც 15-20 წუთის ინტერვალით ჯერ მ.ა, ხოლო შემდეგ დ.კ. შეიყვანა დათა ახალაიასთან. დეპარტამენტის დირექტორთან შესულ მ.ა-ს დათა ახალაიას გარდა ოთახში დახვდა დაახლოებით 8-10 პირი, მათ შორის გერონტი (გია) ალანია, ოლეგ მელნიკოვი. მცირეოდენი გამოკითხვის შემდგომ, რაც შეეხებოდა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში" შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, პირადად დათა ახალაიამ, გია ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა მ.ა. ფეხებით სასტიკად სცემეს, რაც დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა. ნაცემი მ.ა. გაათრიეს დათა ახალაიას ოთახიდან და მოათავსეს ამავე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში. აღნიშნულის შემდეგ, სოსო თოფურიძემ უკვე დ.კ. შეიყვანა დათა ახალაიასთან, რომელმაც მას ასევე გამოკითხვა დაუწყო თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის ინციდენტზე, რა დროსაც გაირკვა, რომ ნაცემი მ.ა-ს ნაცვლად 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" დ.კ-ს ოჯახურ სუფრაზე იმყოფებოდა მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს 1-ელი განყოფილების ს.ს. სამძებროს უფროსი ზ.მ. აღნიშნულმა, დათა ახალაიასა და მის ოთახში მყოფ პირებს შორის გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია და დათა ახალაია და სოსო თოფურიძე სასწრაფოდ მივიდნენ ცალკე ოთახში მჯდომ მ.ა-სთან ბოდიშების მოსახდელად. ბოდიშებთან ერთად ამ უკანასკნელს დაპირდნენ სამსახურებრივ წინსვლას და ისე, რომ არ დაუბრუნებიათ სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი, გამოუშვეს "მოდულის" შენობიდან. დაახლოებით, 20-30 წუთში გამოუშვეს დ.კ-ც, რომელსაც ასევე არ დაუბრუნეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი. შენობიდან გამოსულ სასტიკად ნაცემ მ.ა-ს ეზოსთან კი შეხვდა ზ.მ, მაგრამ იგი მაინც შევიდა "მოდულის" შენობაში და ასევე დათა ახალაიას ოთახში აღმოჩნდა. სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, ამ უკანასკნელმა ზ.მ-ს სხვა ოთახში გაყვანა და იქ მიხედვა უბრძანა მასთან მყოფ დაახლოებით 10 პირს. მიღებული ბრძანების შესასრულებლად, ზ.მ გაიყვანეს ,,მოდულის" შენობის ერთ-ერთ ოთახში, ღვედით დააბეს სკამზე და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მის ცემასა და სიტყვიერ შეურაცხოფაში მონაწილეობა მიიღო კუდ-ის 10-ზე მეტმა პირმა. ნაცემი ზ.მ."მოდულის" შენობიდან, ასევე პირადობის მოწმობისა და ტაბელური იარაღის  გარეშე, გამოუშვეს მეორე დღის 02:00 საათისათვის. 
დავით ახალაიას, გერონტი ალანიას, იოსებ თოფურიძესა და ოლეგ მელნიკოვს აღნიშნული დანაშაულისთვის 2012 წლის 2 დეკემბერს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდებები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა დაპატიმრება, რის შედეგადაც გამოცხადდა დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძის, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვის ძებნა.
2012 წლის 7 დეკემბერს ოლეგ მელნიკოვი დააკავეს უკრაინაში, სადაც შეფარდებული აქვს 40-დღიანი პატიმრობა. 
ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციისათვის გადაგზავნილია ყველა შესაბამისი დოკუმენტი", - აღნიშნულია განცხადებაში.