ავღანეთში დაკარგული  ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

ავღანეთში დაკარგული ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარებული სერჟანტის გიორგი კიკაძის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"დღეს უმძიმესი დღეა პირადად ჩემთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის. სერჟანტი გიორგი კიკაძე, რომელიც 19 დეკემბერს დაიკარგა ავღანეთში და მას მერე მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები, დღეს აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩვენ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. პირადად მე და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, ბატონმა ძნელაძემ მოვინახულეთ მისი ოჯახი, ჩავაყენეთ საქმის კურსში. მე მინდა პირადად მოვუხადო ბოდიში ქალბატონ ნინოს, გიორგის დედას, რომ ამ დღეების განმავლობაში ალბათ ზომაზე მეტად ავუმაღლე მოლოდინი, რომ შვილი ოჯახს დაუბრუნდებოდა. დღიდან გაუჩინარებისა, თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით. ის იყო ჩართული ამ ოპერაციაში და ჩვენ ვიღებდით ყოველდღიურ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. დღეს, უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გიორგი კიკაძე გარდაიცვალა ავღანეთში. ეს კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, გვაფხიზლებს ყველას, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საერთაშორისო მისიაში მონაწილეებს. რამხელა სიფრთხილე, წინდახედულობა და საბრძოლო გამოცდილება გვჭირდება იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. მე კიდევ ერთხელ მინდა მთელს საქართველოს მივუსამძიმრო კიდევ ერთი ვაჟკაცის დაღუპვა და აღვუთქვა მთელს საქართველოს, რომ ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების ყველა ზომებს, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული". - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სერჟანტი გიორგი კიკაძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია საორგანიზაციო სამუშაოები.