კუბლაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით

კუბლაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით

უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმცირესობა საკუთარ პოზიციებს ინიციატივის განხილვისას ჩამოაყალიბებს.

ამის შესახებ from.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილებებზე კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბება რთულია და  ნებისმიერ თემაზე,  მსჯელობა გაგრძელდება.

„ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ.  საშუალება გვექნება, ამ საკითხზე ჩვენს კოლეგებთან  ერთად ვიმსჯელოთ და ამის შემდეგ  მოგახსენებთ პოზიციას“, - აცხადებს დეპუტატი.

გუშინ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელი 78 დეპუტატმა მოაწერა. ცვლილებებით კი, პრეზიდენტს ის უფლებამოსილება უქმდება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტის ნების წინააღმდეგ გადააყენოს მოქმედი მთავრობა, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით, მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი შეინარჩუნოს.

ამას გარდა, ცვლილებებით, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს, მას უფლება ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ამასთან, უმრავლესობის წინადადებით, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას, გადაყენებული მთავრობა გააგრძელებს.

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ მოდელით, სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები შევა, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად მთავრობის ხელში გადავა, წარმოდგენილი ინიციატივა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებასა და პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.