დიმიტრი ლორთქიფანიძე: 2012 წელს ქართველმა ხალხმა ნამდვილად აიხდინა პირველი საფეხურის ოცნება

დიმიტრი ლორთქიფანიძე: 2012 წელს ქართველმა ხალხმა ნამდვილად აიხდინა პირველი საფეხურის ოცნება

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე სამართლებრივი თვალსაზრისით 2012 წელს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

როგორც მან from.ge-სთან საუბრისას განაცხადა, 2012 წელს სამართლებრივი კუთხით განვითარებული მოვლენები 2 ნაწილად იყოფა, რომლის პირველი ნაწილი, ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში იწყება.

„პირველი ნაწილის სამართლებრივი შეფასება გამომდინარეობს 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიღებული სამართლებრივი აქტებიდან, როგორიც იყო „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი, ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი, რომელშიც ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო მოძრაობამ „ეს შენ გეხება“, მაგრამ ამანაც ვერ უშველა იმ უკანონობების განხორციელებას საკანონმდებლო დონეზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა. ამის ნათელი გამოხატულებაა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, რომლითაც განისაზღვრა პრეფერენსიები აღსრულებისა, და რომლითაც „ქართუ ბანკს“ მიადგა 190 მლნ-იანი ზიანი“ - განუცხადა from.ge-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისვე თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ უკანონო ქმედებების განხორციელების დადასტურებაა ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კონტროლის პალატაში მოგელაძის ინსტიტუტი გაჩნდა.

როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ფაქტობრივად, დემოკრატია „მიწასთან გაასწორა“ და ნებისმიერი დაკავშირებული პირი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის შემომწირველი იყო და რომელსაც რეჟიმი არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევდა, აჯარიმებდა და საკუთრების ჩამორთმევით უსწორდებოდა.

„უამრავი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, იქნა სანქცირებული და დაჯარიმებული. ეს არის ის, რამაც ქვეყანაში გააჩინა სრული უიმედობის განცდა და რომელმაც გამახსენა ილია ჭავჭავაძის „ელეგია“, რომ არა „ქართული ოცნების“ ფართოდ გაშლილი კამპანია, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბთ პოლიტიკური მოძრაობის გაჩაღება განაპირობა. ეს იყო ძალიან მძლავრი სამოქალაქო მოძრაობა. მას წინ უძღოდა ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფების დაარსება, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი საარჩევნო სამართლის მიმართულებით. ამ ყველაფერმა შეძლო საზოგადოების მობილიზაცია მოეხდინა და საბოლოო ჯამში, 13 სექტემბრის მოვლენებმა - ციხის კადრებმა, ვანდალიზმმა, რომლის შესახებაც ჩვენ თეორიული წარმოდგენა გვქონდა, მაგრამ ასე თვალნათლივ არ გვქონდა ფაქტები და მტკიცებულებები, საბოლოოდ გამოიწვია პროტესტი საზოგადოებაში, რაც გამოხატა კიდეც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში - დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და მარცხი იწვნია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც გარკვეული გარანტიებიც კი ჰქონდა საერთაშორისო დონეზე. გავიხსენოთ ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში, მათი ურთიერთობები დასავლურ ინსტიტუციებთან, ევროკავშირის წარმომადგენლობებთან. ისინი წინასწარ ზეიმობდნენ კიდეც გამარჯვებას, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად აიხდინა ნამდვილად პირველი საფეხურის ოცნება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ უმცირესობაში გადაიყვანა, ხოლო შემდეგ მისი მაღალჩინოსნების მიმართ კონკრეტული ხასიათის სამართლებრივი პრეტენზიები გამოთქვა“ - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმებულ პირებს ჯარიმა უკან დაუბრუნდებათ, სამართლებრივ კაზუსს არ წარმოადგენს, რადგან ლორთქიფანიძის თქმით, ის პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო და გზავნილი საზოგადოებისათვის იმის თაობაზე, რომ „უიმედობას წერტილი დაესვა“.

გარდა ამისა, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი ასევე ჰუმანური აქტია და მძიმე დამნაშავეთა გათავისუფლებას არ გულისხმობს. მისივე თქმით, განცხადებები იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ამნისტია მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს და პედოფილებს ათავისუფლებს, სრული სიცრუე და პოლიტიკური ფანდია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„იქ პირდაპირ წერია, რომ გათავისუფლდნენ დაკისრებული სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში არიან მსჯავრდებულნი. ასეთია დანაშაულის ის კატეგორია, რომელისთვისაც გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზღვარი არ აღემატება 5 წელიწადს, და ასეთში შედის იმ გარყვნილი ქმედების განმსაზღვრელი მუხლიც, თუმცა მასზე პირდაპირ არის ჩაწერილი: „გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე, 140-ე მუხლებისა“. ასე, რომ რაიმეს მტკიცება ამ მხრივ, პრეზიდენტის მხირდან არის გამოგონილი და თავიდანვე გაბათილებული. რაც შეეხება ჰუმანურობას, ეს ამნისტია თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა და არ გულისხმობს იმას, რომ ციხე გაიხსნა და ყველა გარეთ გამოვა. აქ საუბარია იმაზე, რომ ნაწილს - ნაკლებად მძიმე კატეგორიის დამნაშავეები გათავისუფლდებიან, ნაწილს გაუნახევრდება სასჯელი, ნაწილისთვის კი მოხდება ერთი მეოთხედით შემცირება“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ის დემოკრატიულ ფორმებს განამტკიცებს და გამორიცხავს ყოველგვარ წნეხს მოსამართლეებზე.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან, 21 ოქტომბრიდან დღემდე, 50-მდე კანონპროექტს ეყარა კენჭი და მათში ძალიან მნიშვნელოვანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ახლებური რეგულაციები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება კოლეგიალური ორგანო და მოხდება მოსამართლეთა ქმედებების კვალიფიციური შეფასება, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მათი უფლებამოსილებების განხორციელებასთან. ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად დემოკრატიული ფორმა და მომავალში მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, ის ფაქტი, რომ თავად მოსამართლეები იგივე შემადგენლობით რჩებიან საპრეზიდენტო ძალაუფლების ვერტიკალის ქვეშ, რა თქმა უნდა, აჩენს შეკითხვებს. ალბათ, მომავალში გარკვეულწილად დემოკრატიული პროცესი განვითარდება და იმ მოსამართლეებს უფლებამოსილება ჩამოშორდებათ, რომლებიც წლების განმავლობაში მხილებული იყვნენ უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანაში“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.