პაატა კოღუაშვილი: ინვესტორებისთვის  მთავარი ნათელი კანონმდებლობაა

პაატა კოღუაშვილი: ინვესტორებისთვის მთავარი ნათელი კანონმდებლობაა

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მწვავე განცხადებები და მათ შორის, არსებული  დაპირისპირება ინვესტორისთვის, რაღაც გარკვეულ დონეზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ინვესტორისთვის მთავარი ნათელი კანონმდებლობაა, რომ მათ საქმიანობის დაცვის გარანტიები ჰქონდეთ.

„დაპირისპირებას, თუ ასეთი არსებობს, ინვესტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამან შესაძლოა, რაღაც  გარკვეული როლი ითამაშოს, მაგრამ ინვესტორისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, ის უფლებები და პრივილეგიებია,  რომლებიც უცხოური ინვესტიციებისთვისაა დაწესებული ქვეყანაში. ინვესტორი,  რომ მოვა, მას ნათელი კანონმდებლობა და საკუთარი საქმიანობის დაცვის გარანტიები უნდა ჰქონდეს. რაც ჩვენ, კანონმდებლობით უნდა უზრუნველვყოთ.

სააკაშვილმა ისეთი გარემო შექმნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენთან არანაირი ინვესტიცია არ შემოსულა. დარწმუნებული ვარ,  რომ როგორც კი, ეს ტირანული რეჟიმი ჩვენი ქვეყნიდან ერთხელ და სამუდამოდ აღიგვება, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები  წამოვა“, - განაცხადა კოღუაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ხალხის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან.

„ამ ხნის განმავლობაში ეს ხალხი დაშინებების მეთოდით მართავდნენ ქვეყანას. ხელისუფლებაში ტოტალური გაყალბებებით მოვიდნენ და ეს უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს.

ჩვენ გვაქვს ისეთი ნაკადულები ინვესტიციებისა შიდა,  რომელიც ისეთ კალაპოტში შეიძლება მოვაქციოთ,  რომ ინვესტიციების თვალსაზრისით, უზარმაზარ მდინარედ იქცეს.  მეტი ფიქრი, მეტი თავდადება გვინდა და ეს ყველაფერი გამოვა“, - განაცხადა კოღუაშვილმა.