კახა გოგოლაშვილი:  პრემიერის შეთავაზება ისეთია, რომელზედაც აპრიორი - პრეზიდენტი და „ნაც. მოძრაობა“  უარით უპასუხებენ

კახა გოგოლაშვილი: პრემიერის შეთავაზება ისეთია, რომელზედაც აპრიორი - პრეზიდენტი და „ნაც. მოძრაობა“ უარით უპასუხებენ

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ  პარლამენტის დათხოვნის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რიტორიკული ბრძოლის ნაწილია, რომლითაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ცდილობენ,  ერთმანეთს გაეპაექრონ.

როგორც from.ge -ს გოგოლაშვილმა განუცხადა, მას არა ჰგონია, რომ ეს კარგად მოფიქრებული შეთავაზებაა, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად სჯერა.

მისივე თქმით, ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის მზად არაა და აღნიშნავს, რომ ეს ცალკე არასტაბილურობას გამოიწვევს.

„პრინციპში, არჩევნები  შოკია საზოგადოებისთვის, ეკონომიკურად აწვება ქვეყანას და აშ.  ეს ყველაფერი არ არის კარგი და ვფიქრობ, რომ ეს, რაღაც სახის გამოწვევა იყო,  რომელიც  წინა პოლიტიკური ბატალიების სცენარში ჯდება და რეალურად, არ განხორციელდება“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილის თქმით, პრემიერის შეთავაზება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რადგან რაც უფრო ადრე იქნება არჩევნები, მით უფრო მეტი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უფრო მეტი უმრავლესობით მოვიდეს.

„ისინი  ვერ მოასწრებენ ვერანაირი ისეთი შეცდომების დაშვებას, რომლის გამოც, მათმა რეიტინგმა შეიძლება დაიწიოს და თავის მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“  თავისი იმიჯის რეაბილიტაციას ვერ მოასწრებს. ასე რომ,  ეს გამოსავალი, რა თქმა უნდა,  „ქართულ ოცნებას“ აწყობს.  ეს შეთავაზება პოლიტიკური ბატალიების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯი, რაღაც სვლაა,  რომლის შედეგადაც,  პრეზიდენტმა რაღაცით უნდა უპასუხოს და მისი პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი იქნება, ამაზეა რეალურად საუბარი და არა იმაზე, რომ არჩევნები მართლაც ჩატარდება. ეს განცხადებები გამოწვევების დონეზე კეთდება,  მაგრამ ისეთი შეთავაზებაა, რომელზედაც აპრიორი პრეზიდენტი და „ნაც. მოძრაობა“  უარით უპასუხებენ,  რადგან მათთვის ეს წამგებიანი შეთავაზებაა“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება, მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს. როგორც ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უმრავლესობა შესაბამის კანონპროექტს ამზადებს. პრემიერი ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის არგამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ივანიშვილის თქმით, ის მზადაა მიხეილ სააკაშვილს „დაეხმაროს“ და მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაც მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.